შვედეთის პრემიერი: პუტინი ცდება, თუ ფიქრობს, რომ დრო მის მხარესაა

უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება არის "გლობალური უსაფრთხოების საკითხი."

ეს განცხადება 15 თებერვალს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა გააკეთა. 

"ეს არის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ასევე ომი ჩვენი საერთო ევროპული უსაფრთხოებისა და ჩვენი ტრანსატლანტიკური ღირებულებების წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა მომავალში", - თქვა კრისტერსონმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, შვედეთი გეგმავს მოსკოვზე ზეწოლა სანქციების ახალი პაკეტით გაზარდოს.

"პუტინი ცდება, თუ თვლის, რომ დრო მის მხარესაა. რუსეთი ვერ მიაღწევს წარმატებას, რადგან თქვენ, უკრაინის შეიარაღებული ძალები, უკრაინელი ხალხი, აგრძელებთ თქვენი თავისუფლების დაცვას და ეს გვაოცებს." - თქვა კრისტერსონმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი, სანქციების მე-10 პაკეტის შინაარსი "რეალური სიტუაციის ადეკვატური უნდა იყოს."

"უკრაინის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო ფორმულას რუსეთი ახალი სარაკეტო დარტყმებითა და ირანული Shahed-ის დრონებით პასუხობს, ამიტომ მსოფლიომ ტერორისტულ სახელმწიფოს ახალი წნეხით უნდა უპასუხოს", - განაცხადა უკრაინის სახელმწიფოს მეთაურმა.

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი კიევში 15 თებერვალს ჩავიდა. 

მსგავსი სიახლეები