შვედეთის პრემიერი: თურქეთი არარეალურ პირობებს გვიყენებს
თურქეთის ზოგიერთი პირობა, რომელიც ამ ქვეყანამ შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობისთვის წამოაყენა, სტოკჰოლმისთვის მიუღებელია. ეს განცხადება შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა 8 იანვარს გააკეთა.
"თურქეთი ერთდროულად ორ რამეს აღიარებს, რომ ჩვენ შევასრულეთ ის, რასაც დავპირდით და რომ მათ ჩვენგან სურთ ის, რისი მიცემაც ჩვენ არ შეგვიძლია ან არ გვინდა", - ციტირებს Reuters კრისტერსონს.
რა პირობებზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.
მიუხედავად ამისა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ ანკარა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას დაეთანხმება.
შვედეთმა და ფინეთმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცედურა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ დაიწყეს. სტოკჰოლმმა და ჰელსინკმა ოფიციალური განცხადება 18 მაისს შეიტანეს. ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება ნატოს 30-ვე ქვეყანამ უნდა მოახდინოს. ეს დღემდე 28-მა ქვეყანამ გააკეთა, თურქეთი და უნგრეთი ჯერჯერობით თავს იკავებენ ამ ნაბიჯისგან.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ შვედეთი დგამს "პოზიტიურ ნაბიჯებს" სწორი მიმართულებით, მაგრამ საჭიროა შემდგომი ნაბიჯები ალიანსის წევრობის მოსაპოვებლად. სხვა საკითხებთან ერთად, ანკარა სტოკჰოლმს და ჰელსინკს ეჭვმიტანილი ქურთი ექსტრემისტებისა და 2016 წლის გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილთა ექსტრადირებას სთხოვს.