შვედეთის პროკურატურამ იმ აქტივისტის დაპატიმრება მოითხოვა, რომელიც ყურანს წვავდა

შვედეთის პროკურატურამ ულტრამემარჯვენე აქტივისტის, რასმუს პალუდანის დაკავება მოითხოვა, რომელიც ყურანის დაწვით გახდა ცნობილი. ამის შესახებ გამოცემა Aftonbladet წერს.

პალუდანის წინააღმდეგ შვედეთში გამოძიება რასობრივი სიძულვილის წაქეზების და საჯარო მოხელის შეურაცხყოფის ბრალდებით მიმდინარეობს. მან დაკითხვაზე მისვლაზე უარი განაცხადა, რის გამოც პროკურატურამ, მედიის ცნობით, მისი დაპატიმრება მოითხოვა.

გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ შვედ სამართალდამცავებს შეუძლიათ აქტივისტის დაკავება, როდესაც ის გადაკვეთს დანია-შვედეთის საზღვარს, ან თუ შვედეთში გამოჩნდება.  

დანიაში მყოფმა პალუდანმა Aftonbladet-თან ინტერვიუში დასცინა შვედეთში მისი დაკავების მოთხოვნის შესახებ ცნობას და თქვა, რომ იქ ჩასვლას არ აპირებს.

რასმუს პალუდანი დიდი ხანია ცნობილია ანტიმუსლიმური ქმედებებით და ყურანის დაწვით. მისმა ბოლო ქმედებებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო, რადგან მის მიერ ყურანის დაწვამ ნატოში გაწევრიანების შესახებ თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის მოლაპარაკებების ერთთვიანი შეჩერება გამოიწვია.

პალუდანმა წარსულში განაცხადა, რომ ყურანს ყოველ პარასკევს დაწვავდა. თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ არ შეუძლია შვედეთის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება, სანამ ქვეყანაში ასეთი შეხედულებების გამოხატვა შესაძლებელია.

მსგავსი სიახლეები