სი ძინფინგმა მოულოდნელად ჩინეთის ბირთვული ძალების მეთაურები შეცვალა

ჩინეთში დაუგეგმავად შეიცვალა ქვეყნის ბირთვული ძალების მეთაურები. 

გენერალ, ლიუ იაჩაოს და მისი მოადგილის ლიუ გუანბინის თანამდებობიდან გადაყენებას წინ უძღოდა, მათი რამდენიმე თვიანი გაუჩინარება საჯარო სივრციდან. 

ჩინეთის სტრატეგიული შეკავების ძალების ახალი მეთაური ვან ხოუბინი იქნება, რომელიც მანამდე სამხედრო-საზღვაო ძალებს ხელმძღვანელობდა, ხოლო მისი მოადგილე კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი, სიუ სიშენი იქნება. 

ცოტა ხნის წინ მსგავსად გაუჩინარდა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცინ განგიც - ერთთვიანი აუხსნელი გაუჩინარების შემდეგ, განგი თანამდებობიდან გადააყენეს. ცინის გაუჩინარების და გადაყენების მიზეზი კომპარტიას ამ დრომდე არ განუმარტავს. 

ჩინეთის ექსპერტების თქმით, ეს ბოლო ათწლეულში ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში ყველაზე მასშტაბური დაუგეგმავი საკადრო ცვლილებებია. 

ივლისის მიწურულს გამართულ თათბირზე, სი ძინფინგმა ხაზი გაუსვა "სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად საჭირო ძალისხმევის მოკრების მნიშვნელობას." სიმ, რომელიც კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის და პრეზიდენტის გარდა, სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტსაც იკავებს ხაზი გაუსვა პარტიის წამყვანი როლის შენარჩუნებას არმიაზე. 

ბირთვული ძალების მეთაურების გადაყენების შესახებ პეკინს ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ გაუვრცელებია, თუმცა ჰონგ-კონგური South China Morning Post-ის ცნობით, გათავისუფლებული გენერლები კორუფციაში არიან ბრალდებულები. 

კონტექსტი 

საკადრო გადაადგილებები ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის დაარსების 96-ე იუბილეს დაემთხვა. ცვლილებების შესახებ სწორედ არმიის ცენტრალურ შტაბ-ბინაში, საზეიმო სხდომაზე გამოაცხადეს. 

მკვლევრების ცნობით, ცინ განგის შემდეგ, უკვე უმაღლესი რანგის სამხედროების გათავისუფლება სი ძინფინგის წინაშე არსებულ სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზე მეტყველებს. 

2014 წელს არმიის რიგებში დაწყებული მასშტაბური საკადრო წმენდის ფარგლებში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს სამხედრო საბჭოს ყოფილ მოადგილეებს. 

მსგავსი სიახლეები