სიიარტო უნგრეთში ამერიკის საელჩოს "ომის პროპაგანდაში" ადანაშაულებს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ბუდაპეშტში აშშ-ის ელჩი დევიდ პრესმანი და განაცხადა, რომ ის ჩართულია "ომის პროპაგანდაში", ხოლო ბუდაპეშტი მშვიდობის მხარესაა.

მის განცხადებას Telex ციტირებს.

ერთი დღით ადრე, უნგრეთში აშშ-ის ელჩმა ინტერვიუ მისცა AFP-ს, რომელშიც გააკრიტიკა ბუდაპეშტის დუმილი უკრაინაში ომის მიზეზებზე და ამის ნაცვლად, "კულტურული ომების" წარმოება და "მემარცხენეობის" წინააღმდეგ ბრძოლა.

"უნგრეთში, სამწუხაროდ, ურჩევნიათ ლაპარაკი ყალბ კულტურულ ომზე, მაშინ როცა სამეზობლოში არის ნამდვილი ომი. ათასობით ადამიანი იღუპება ვლადიმერ პუტინის აგრესიულ ომში და ეს არ ხდება მემარცხენეების გამო, ეს რუსეთის გამო ხდება", - აღნიშნა დიპლომატმა.

პრესმანმა ასევე პირადად უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, 2022 წლის თებერვლიდან მოსკოვს ხუთჯერ ეწვია და ქვეყანაში კრემლის დეზინფორმაციას ავრცელებს.

საპასუხოდ, სიიარტომ თქვა, რომ ამერიკის ელჩი "ომის პროპაგანდას ეწევა", ხოლო უნგრეთს "სურს არა ომი, არამედ მშვიდობა."

"ჩვენ გვესმის, რომ ამერიკელები ჩვენ ომის პროპაგანდაში შეყვანას ცდილობენ, ჩვენ გვესმის, რომ ისინი ჩვენს ომის ბანაკში შეთრევას ცდილობენ, მაგრამ ჩვენ სამშვიდობო ბანაკს ვეკუთვნით", - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები