სირია აცხადებს, რომ ისრაელის ავიაციამ ალეპოს აეროპორტი დაბომბა

სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის საჰაერო ძალებმა, სავარაუდოდ, სამშაბათს დილით, ავიაიერიში განახორციელეს ჩრდილოეთ სირიის ქალაქ ალეპოს აეროპორტზე. ამის შესახებ The Times of Israel წერს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA-მ განაცხადა, რომ აეროპორტი დაკეტილია თავდასხმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო. მოხსენების თანახმად, სირიის საჰაერო თავდაცვა გააქტიურდა, მაგრამ უცნობია, მოახერხეს თუ არა თავდამსხმელების ჩამოგდება. სირია რეგულარულად აცხადებს, რომ ისრაელის რაკეტები ჩამოაგდო, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსები ეჭვობენ ასეთი განცხადებების რეალურობაში.

მოკლე კლიპები და ფოტოები, რომლებიც სოციალურ ქსელებში სავარაუდოდ დაბომბვის ადგილიდან ვრცელდება, ასახავს ხანძარს აეროპორტში.

ისრაელის თავდაცვის ძალებს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. თუმცა ცნობილია, რომ ისრაელმა ბოლო წლებში ასობით დარტყმა განახორციელა სირიის მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. მათ შორის იყო თავდასხმები დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე, მაგრამ ქვეყანა იშვიათად აღიარებს ან განიხილავს ოპერაციებს.

თუმცა, ისრაელმა აღიარა, რომ ის მიზნად ისახავს ირანის მოკავშირე დაჯგუფებების ბაზებს, როგორიცაა ლიბანური "ჰეზბოლა", რომელმაც ათასობით მებრძოლი გაგზავნა პრეზიდენტ ბაშარ ასადის ძალების მხარდასაჭერად. 

SANA-მ, სამხედრო წყაროზე დაყრდნობით, სამშაბათს დილით დაწერა, აეროპორტმა "მატერიალური დაზიანება" მიიღო და ამჟამად არ მუშაობს.

მსგავსი სიახლეები