სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მედიის შეზღუდვაზე ალაპარაკდა
რობერტ ფიცო სლოვაკეთის წამყვან სატელევიზიო მაუწყებლებსა და გაზეთებს ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილს უწოდებს და მათ „მთავრობის ოფისში არასასურველ სტუმრებად“ მოიხსენიებს. მისი განცხადებით, „TV Markíza“, „Denník N“, “SME” და „Aktuality“ სლოვაკეთის მმართველი პარტიის - „სმერის“ მიმართ ღიად აცხადებენ მტრობასა და სიძულვილს.
„გადავწყვიტე, რომ მათი სამთავრობო უწყებაში შემოსვლისა და მუშაობის ნებართვა შევამოწმოთ. მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, ისინი მთავრობის ოფისში არასასურველი სტუმრები იქნებიან,“ - რობერტ ფიცო.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ფიცოს, რომელიც 2006-2010 და 2012-2018 წლებში პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, 2018 წელს პოსტის დატოვება „Aktuality-ის“ გამომძიებელი ჟურნალისტის, იან კუჩიაკის და მისი პარტნიორის, მარტინა კუშნიროვას მკვლელობის შემდეგ, ქვეყანაში დაწყებული მასობრივი ანტი-სამთავრობო გამოსვლების გამო მოუწია.
რობერტ ფიცოს მიერ მედიასთან დაკავშირებით გაკეთებულმა კომენტარებმა, როგორც სლოვაკეთის მოსახლეობაში, ისე ევროპის კავშირის სხვა ქვეყნების ლიდერებში აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათი აზრით, მედიაზე თავდასხმამ და პრესის თავისუფლების შეზღუდვამ სლოვაკეთი შესაძლოა უნგრეთის გზაზე დააყენოს.
კონტექსტი
2023 წლის 30 სექტემბერს სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც ხმების უმრავლესობა - 23% პოლიტიკურმა პარტია „სმერმა“ მოიპოვა.
სლოვაკეთის ახალი კოალიციური მთავრობა „სმერის“, „ჰლასის“ და „ნაციონალისტური პარტიის“ მიერ ჩამოყალიბდა, რომელთაც 150 წევრიან პარლამენტში ჯამში 79 მანდატი აქვთ.
2023 წლის ოქტომბერში რობერტ ფიცომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მეოთხედ დაიკავა.
პოლიტიკურ პარტია „სმერს“, რომელმაც სლოვაკეთის ხელისუფლების სათავეში მოსვლა პირველად 2006 შეძლო, მუდმივად სდებენ ბრალს კანონის უზენაესობის აღმოფხვრაში, პოლიტიკური ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შეზღუდვაში, მედია საშუალებებზე თავდასხმაში, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში, სამოქალაქო საზოგადოების ხელყოფაში, ადამიანის უფლებების უპატივცემულობაში და ა.შ.