სლოვაკეთმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა
სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად აღიარა, ხოლო რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. ამის შესახებ ნათქვამია ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში, წერს სლოვაკეთის ეროვნული ასამბლეის პრესსამსახური.
დოკუმენტში დეპუტატებმა დაგმეს რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამოქალაქო და მთავარ ენერგეტიკულ ობიექტებზე. ასევე გამოხატეს მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რეზოლუცია გმობს რუსეთის პირდაპირ და არაპირდაპირ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას.
გარდა ამისა, სლოვაკეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მცდელობებს რუსული აგრესიის, კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებების გამოსაძიებლად.