სომხეთი ОДКБ-დან გასვლის შესაძლებლობას განიხილავს - უშიშროების საბჭოს მდივანი

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გასვლის შესაძლებლობას.

ამის შესახებ მან Новая газета-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"გულწრფელად რომ ვთქვა, დიახ, ასეთი დისკუსიები იყო, ეს ბუნებრივი რეაქციაა", - უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას.

გრიგორიანის თქმით, რუსეთი სომხეთს არ აწვდის იმ იარაღს, რომელიც არა მხოლოდ შეუკვეთა, არამედ რომლის თანხაც უკვე გადაიხადა.

გარდა ამისა, სომხეთი ОДКБ-სგან ელიდა, რომ "გასული წლის სექტემბერში სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის პირდაპირი აგრესიის დროს იმოქმედებდა, მაგრამ ეს არ მოხდა."

ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ სომხეთი მუდმივად ცვლის პოლიტიკურ კურსს, გრიგორიანმა უპასუხა, რომ "ბოლო წლებში უსაფრთხოების არქიტექტურა მსოფლიოში და, კერძოდ, ჩვენს რეგიონში მკვეთრად შეიცვალა."

"სახელშეკრულებო ვალდებულებები არ არის დაცული. მთელი ჩვენი უსაფრთხოების კონცეფცია ამაზე იყო დაფუძნებული, მაგრამ ახალი ჯერ არ არის. ეს არის კრიზისი", - განაცხადა მან.

ОДКБ არის საერთაშორისო სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელშიც შედის ბელორუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი და ტაჯიკეთი.

მსგავსი სიახლეები