ძლიერი არმია, სრული დასაქმება, ენერგოდამოუკიდებლობა - მაკრონმა საარჩევნო პროგრამა წარადგინა

არჩევნების პირველ ტურამდე სამი კვირით ადრე ემანუელ მაკრონმა საპრეზიდენტო კამპანიის პროგრამა წარადგინა.

საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი 10 აპრილს კენჭის ყრას მეორე ვადით აპირებს.

მაკრონის ვრცელი საარჩევნო პროგრამა ოცდაათამდე მიმართულებისგან შედგება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.

მაკრონის დაპირებების შესრულება საფრანგეთის ეკონომიკას წელიწადში 50 მილიარდი ევრო დაუჯდება.

ეკონომიკა

მაკრონი, ხელახლა არჩევის შემთხვევაში, მომდევნო ხუთ წელიწადში საფრანგეთში ე. წ. „სრული დასაქმების“ მიღწევას ისახავს მიზნად.

2017 წლის საარჩევნო დაპირებების მსგავსად, მაკრონის საარჩევნო პროგრამა საპენსიო რეფორმას ითვალისწინებს.

მეორე საპრეზიდენტო ვადაში მაკრონი პენსიაზე გასვლის ასაკის 65 წლამდე გაზრდას აპირებს.

თავდაცვა

2025 წლამდე სამხედრო ბიუჯეტის 50 მილიარდ ევრომდე გაზრდას ჰპირდება.

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის ფონზე, მაკრონი ხელახლა არჩევის შემთხვევაში საფრანგეთის თავდაცვის შესაძლებლობების მნიშვნელოვნად გაძლიერებას ისახავს მიზნად.

„[საფრანგეთს] სრულმასშტაბიანი ომის, რომელიც შესაძლოა ჩვენს კონტინენტზე დაბრუნდეს, გამკლავება უნდა შეეძლოს“, - განაცხადა საპრეზიდენტო კანდიდატმა.

მაკრონმა რეზერვისტების რაოდენობის გაორმაგება და სამოქალაქო ძალების მობილიზაციის სტრატეგიის შექმნა დააანონსა.

ენერგეტიკა

მაკრონის გეგმა ენერგეტიკის სექტორში ამბიციურ გარდაქმნებს ითვალისწინებს.

„ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პირველი ქვეყანა, რომელიც თავს დააღწევს გაზსა და ნავთობზე დამოკიდებულებას“, - განაცხადა 44 წლის პრეზიდენტმა.

პროგრამის თანახმად, საფრანგეთში 2050 წლამდე ექვსი ბირთვული რეაქტორის აშენება იგეგმება. ამასთან, მზის სხივებით გამომუშავებული ენერგია ათჯერ, ქარის კი ორმოცდაათჯერ უნდა გაიზარდოს.

საზოგადოება

საპრეზიდენტო მარათონში მემარჯვენე კანდიდატების დომინირების ფონზე მიგრაციის საკითხზე მაკრონის ხედვები უფრო კონსერვატიული გახდა. საპრეზიდენტო კანდიდატი საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს.

მაკრონი ევთანაზიის ლეგალიზებასაც შეეხო. პოლიტიკოსი ამ ეთიკურად საჭირბოროტო საკითხის გადაწყვეტად საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები