სტოლტენბერგი კოსოვოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავიდან აიცილოს დესტაბილიზაცია
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ კოსოვოს ხელისუფლებამ თავი უნდა აარიდოს ცალმხრივ დესტაბილიზაციას.
მისი თქმით, საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეპ ბორელთან სატელეფონო საუბრისას კოსოვოში არსებული სიტუაცია განიხილა, სადაც დაძაბულობა ცოტა ხნის წინ გაიზარდა.
"პრიშტინა და ბელგრადი ახლავე უნდა შეუერთდნენ დიალოგს ევროკავშირის ხელმძღვანელობით, რადგან ეს არის ერთადერთი გზა მშვიდობისა და ნორმალიზაციისაკენ. პრიშტინამ უნდა მოახდინოს სიტუაციის დეესკალაცია და არ გადადგას ცალმხრივი ნაბიჯები დესტაბილიზაციისკენ", - წერს სტოლტენბერგი Twitter-ზე.
მან აღნიშნა, რომ კოსოვოში ნატოს სამშვიდობო ძალები გააგრძელებენ უსაფრთხო გარემოს შექმნას.
26 მაისს სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის არმია სრულ მზადყოფნაზე გადაიყვანა და მის ქვედანაყოფებს კოსოვოს საზღვართან მიახლოების ბრძანება მისცა.
ეთნიკური სერბების მცირე ჯგუფებსა და პოლიციას შორის ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკება მოხდა. მოქალაქეები ცდილობდნენ მუნიციპალური შენობების შესასვლელები გადაეკეტათ, რათა ახლად არჩეული ოფიციალური პირები არ შეეშვათ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და პროტესტანტებმა რამდენიმე მანქანა დაწვეს.