სტოლტენბერგი: ფინეთს და შვედეთს ნატოში გაწევრიანება მოკლე დროში შეუძლიათ
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ფინეთს და შვედეთს სურვილის შემთხვევაში სამხედრო ალიანსში გაწევრიანება „სწრაფად“ შეუძლიათ.
„თუ ფინეთი და შვედეთი [წევრობაზე] განაცხადს შემოიტანენ, ჩვენ მათ გულთბილად მივიღებთ და ვვარაუდობ, რომ [გაწევრიანების] პროცესი სწრაფად ჩაივლის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
ნატოს ლიდერის თქმით, განაცხადის შეტანიდან ალიანსში მიღებამდე პერიოდისთვის „შუალედური“ შეთანხმება შეიძლება დაიდოს.
შვედეთში და ფინეთში სურთ, რომ ალიანსის კოლექტიური უსაფრთხოების მუხლი წევრობის მსურველ ორ ქვეყანაზე წინსწრებით - ფორმალურ რატიფიკაციამდე - გავრცელდეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ შუალედური პერიოდისთვის გამოსვლის პოვნა შეიძლება, რომელიც ფინეთისთვის და შვედეთისთვის მისაღები იქნება“, - ამბობს სტოლტენბერგი.
ფინეთს რუსეთთან 1300 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აქვს.
კრემლში ორი სკანდინავიური ქვეყნის ნატოში ხილვის პერსპექტივაზე განაცხადეს, რომ ამით რეგიონში „არაბირთვული სტატუსი“ შეიცვლება.
რუსეთი კალინინგრადის ანკლავში ბირთვული შეიარაღების და ზებგერითი რაკეტების განთავსებით დაიმუქრა.