სტოლტენბერგი: მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების ზრდა უპრეცედენტოა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატოს თავდაცვის ხარჯები 2023 წელს რეკორდულ დონემდე გაიზარდა.
"გასულ წელს ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო, 11%-ით ზრდა ევროპელ მოკავშირეებსა და კანადაში," - თქვა სტოლტენბერგმა 14 თებერვალს, ბრიუსელში, ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 2024 წლის ბოლოსთვის ნატოს 31 წევრიდან 18, სავარაუდოდ, დააკმაყოფილებს მოთხოვნას, გამოყოს მშპ-ს 2% თავდაცვის ხარჯებზე. "ეს არის კიდევ ერთი რეკორდული რიცხვი," - თქვა გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ ეს ექვსჯერ აღემატება 2014 წლის მონაცემებს, როდესაც ნატოს მხოლოდ სამი სახელმწიფო აკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას.
იენს სტოლტენბერგმა აღიარა, რომ "ზოგიერთ მოკავშირეს ჯერ კიდევ აქვს გასავლელი გზა" თავდაცვის ხარჯების მიზნების მისაღწევად. ამავდროულად მან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა.
"ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ადგილი არასწორი გათვლებისთვის ან გაუგებრობისთვის მოსკოვში ჩვენს მზადყოფნაზე, ჩვენს ერთგულებაზე, ყველა მოკავშირის დასაცავად," - აღნიშნა ნატოს ხელმძღვანელმა.
დონალდ ტრამპმა 10 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე გაიხსენა მისი საუბარი ნატოს ერთ-ერთი ქვეყნის ლიდერთან.
"ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და თქვა: კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და ჩვენ თავს რუსეთი დაგვესხმება, დაგვიცავთ?" - თქვა ტრამპმა. საპასუხოდ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ქვეყანას არ დაიცავს, პირიქით, რუსეთს მოუწოდებს "რაც უნდა გააკეთოს."
"თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი წილი," - მიმართა ტრამპმა ნატოს პარტნიორებს.