სტოლტენბერგი: ნატოს აქვს საკმარისი რესურსი აღმოსავლეთის ფლანგის დასაცავად
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის წევრებს აქვთ "ბევრი ვარიანტი" აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გასაძლიერებლად, მათ შორის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით.
ამის შესახებ მან "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ ნატოს ქვეყნებს მსოფლიო სამხედრო ძალის 50% გააჩნიათ, ხოლო შეერთებული შტატები, რომელიც ალიანსის წევრია, დღეს არის "ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა მსოფლიოში."
"მოკავშირეები შეთანხმდნენ დამატებით 700 მეხუთე თაობის გამანადგურებლის შეძენაზე ან განთავსებაზე. ეს არის ძალიან ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები. გერმანია და შეერთებული შტატები ახლახან შეთანხმდნენ გერმანიაში Patriot-ის რაკეტების ქარხნის აშენებაზე," - აღნიშნა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე თქვა, რომ ალიანსში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაორმაგდა ისეთი წევრების რიცხვი, რომლებიც მშპ-ს 2%-ს ხარჯავენ თავდაცვაზე.
"ეს აჩვენებს, რომ მოკავშირეები უფრო მეტ ინვესტიციას ახორციელებენ, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვაში. პოლონეთი და სხვები ყიდულობენ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების უზარმაზარ რაოდენობას. წარმოება იზრდება. გერმანიაში შენდება ახალი ქარხანა. არსებობს უამრავი მაგალითი," - განაცხადა სტოლტენბერგმა.
რამდენიმე დღის წინ Financial Times-მა დაწერა, რომ ნატოს წევრ ქვეყნებს ამჟამად საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების მხოლოდ მცირე ნაწილი აქვთ, რომელიც საჭიროა რეალური ომის შემთხვევაში აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ქვეყნების ადეკვატურად დასაფარად.