სტოლტენბერგი: უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობის უსწრაფესი გზაა
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიასა და ნატოს სხვა ქვეყნებს მოუწოდა, გააგრძელონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ მან dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ "შეიძლება პარადოქსულად ჩანდეს, მაგრამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა მშვიდობისკენ უსწრაფესი გზაა".
ასევე ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ობიექტებზე უკრაინის თავდასხმებს სრულიად კანონიერად მიიჩნევს. მისი თქმით, "ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, მათ შორის, უკრაინას".
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა საჭიროდ უკრაინისთვის საშუალო რადიუსის რაკეტების მიწოდება, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ მოკავშირეებსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს დიალოგი კონკრეტულ სისტემებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები უკრაინას ადრე აწვდიდნენ შორ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, როგორიცაა HIMARS-ის სარაკეტო სისტემები, შორი მოქმედების არტილერია და დრონები.