სტრელკოვი: ЗСУ ფრონტის მთელ პერიმეტრზე გააქტიურდა, მათ აქვთ ინიციატივა

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტის მთელ მონაკვეთზე გააქტიურდნენ და სრულად ფლობენ ინიციატივას. 

ამის შესახებ სამხედრო დანაშაულებში ბრალდებული სტრელკოვი საკუთარ ტელეგრამ არხზე წერს. 

"დღეს მტერმა დაიწყო შეტევი ვუჰლედარის მიმართულებით - იქ ვითარდება მძიმე ბრძოლები, ჩვენი ძალები განდევნილები არიან სოფელ ნიკოლოსკოეს მიდამოებამდე. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იერიშის მთავარი დარტყმაა, თუმცა სრულებით შესაძლებელია ეს იყოს დამხმარე შეტევა",- წერს სტრელკოვი. 

ბოევიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააქტიურდნენ ყველა იმ მონაკვეთზე, რომლის დაკავებასაც ოკუპანტები გასული ზამთარი-გაზაფხულის იერიშის კამპანიის ფარგლებში ცდილობდნენ. 

"მოწინააღმდეგე გვიტევს ბახმუტში, ასევე ჩვენი ძალები შეავიწროვეს ავდიივკის ჩრდილოეთით და სამხრეთით, მათ შორის სპორნოესა და ვოდიანოეს რაიონში, რომლის დაკავებისთვისაც ორთვიანი ძალიან სისხლისმღვრელი ბრძოლები ვაწარმოეთ",- წერს სტრელკოვი. 

ამასთანავე, სტრელკოვის თქმით, ჯერჯერობით უკრაინის გენერალური კონტრიერიშზე საუბარი ნაადრევია, ვინაიდან მისი აზრით ჩამოთვლილთგან არცერთი მიმართულება არ წარმოადგენს პერსპექტიულს სტრატეგიული გარღვევისთვის. 

"ვპროგნოზირებ, რომ ЗСУ-ს მთავარი დარტყმა დასავლეთით, ზაპორიჟიის ფრონტის რომელიმე მონაკვეთზე განვითარდება. ხოლო მხარდამჭერი და დამაბნეველი დარტყმები შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ადგილას, ვინაიდან მოწინააღმდეგე ფლობს ინიციატივას, რადგანაც ჩვენი იერიშები პრაქტიკულად ყველგან სისხლში ჩაიხრჩო, ან ჩიხში შევიდა",- წერს სტრელკოვი. 

კონტექსტი 

გუშინ, 3 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის დაწყების შესახებ იტყობინებოდა ზაპორიჟიის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვლადიმირ როგოვი. მალევე გავრცელდა ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებაც, იმის შესახებ, რომ ბახმუტში უკრაინის შეიარაღებული ძალების იერიში უკვე დაიწყო და რომ მათ ულიმიტო ცოცხალი ძალა და საბრძოლო მასალა აქვთ. 

მალევე, ვლადიმირ როგოვმა უარყო თავისი ადრინდელი განცხადება და თქვა, რომ ადგილი ჰქონდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მორიგ სადაზვერვო ოპერაციას. 

თავის მხრივ უკრაინული წყაროები კონტრიერიშის დაწყების შესახებ არაფერს იუწყებიან. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, თუ როდის და რა მონაკვეთზე დაიწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების დაანონსებული კონტრიერიში. 

მსგავსი სიახლეები