სუდანის მთავრობა: არმიას ძალაუფლების მიტაცება სურს

 

სუდანის დროებითი მთავრობის წევრი მუჰამად ალფაქი სულეიმანი აცხადებს, რომ არმიის მაღალჩინოსნებს სამოქალაქო ხელისუფლების „გვერდზე გაწევა“ და ქვეყნის ერთპიროვნულად მართვა სურთ.

2019 წლის აგვისტოში სუდანის დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის, დამხობის შემდეგ ქვეყანას სამოქალაქო და სამხედრო ლიდერებით დაკომპლექტებული გარდამავალი საბჭო (Transitional Sovereign Council) მართავს.

„თავისუფლებისა და ცვლილების ძალები“ - სუდანელ სამოქალაქო აქტივისტთა ყველაზე მსხვილი გაერთიანება - აქციებს მართავს ბაშირის მხარდამჭერების წინააღმდეგ, რომლებმაც 21 სექტემბერს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადეს.

გადატრიალების მცდელობამ კიდევ უფრო გაამწვავა ურთიერთობა გარდამავალი საბჭოს სამოქალაქო და სამხედრო ფრაქციებს შორის. სულეიმანის თქმით, საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე, გენერალი აბდალ ფათაჰ ალ-ბურჰანი დროებითი მთავრობის დაშლას და მისი მარიონეტი ფრაქციების ხელისუფლებაში მოყვანას ცდილობს.

გასულ კვირას ბურჰანმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკოსების მიერ „რევოლუციის მონაპოვრების მოპარვას“ არ დაუშვებენ.

2019 წელს მიღწეული შეთანხმებთ, ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების შემდეგ, პირველი საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები