შეიარაღებული ძალები სუდანში სამხედრო გადატრიალებას აწყობენ

 

სუდანის ინფორმაციის სამინისტროს განცხადებით, შეიარაღებული ძალები ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას აწყობენ.

დაპატიმრებულია სუდანის დროებითი პრემიერმინისტრი აბდალა ჰამდუქი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები, სამხედროები მთელს ქვეყანაში ახშობენ ინტერნეტს და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას აკონტროლებენ, წერია განცხადებაში.

ქვეყნის მთავარ სატელევიზიო არხზე საინფორმაციო გამოშვების ნაცვლად პატრიოტული მუსიკა გადის მდინარე ნილოსის ხედების ფონზე.

სუდანელ სამოქალაქო აქტივისტთა ყველაზე მსხვილმა კოალიციამ, „თავისუფლებისა და ცვლილების ძალებმა“, მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდეს.

ათასობით ადამიანი უკვე შეიკრიბა დედაქალაქ ხარტუმსა და სხვა დიდ ქალაქებში. დემონსტრანტები ქუჩებს ხერგავენ, სამართალდამცავები კი მათ დაშლას ცრემლსადენი გაზის გამოყენებით ცდილობენ.

___________________________

2019 წელს სუდანის დიქტატორის, ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ ქვეყანას გარდამავალი საბჭო მართავს, რომელიც სამხედრო და სამოქალაქო პირებითაა დაკომპლექტებული. უკანასკნელ ხანებში ორ ფრაქციას შორის ურთიერთობა მაშინ გამწვავდა, როცა გენერალმა აბდალ ფათაჰ ალ ბურჰანმა საბჭოს დაშლა და ახალი მთავრობის ფორმირება მოითხოვა.

სუდანში პირველი სამხედრო გადატრიალება 1956 წელს, ბრიტანეთისა და ეგვიპტისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მოხდა. 1989 წელს სამოქალაქო ხელისუფლების დამხობის შედეგად ძალაუფლება ხელში აიღო ომარ ალ-ბაშირმა, რომელიც ქვეყანას ოცდაათი წელი მართავდა.

 

 

მსგავსი სიახლეები