თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთს ეწვია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ საბერძნეთს არაოფიციალური ვიზიტით ეწვია. ის თრაკიის პროვინციაში ჩავიდა, სადაც მუსლიმური უმცირესობა ცხოვრობს.

ჩავუშოღლუს ვიზიტის ოფიციალური ნაწილი ორშაბათს დაიწყება, როდესაც ის მის ბერძენ კოლეგას, ნიკოს დენდიასს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდება. 

ჩავუშოღლუ ქალაქ ალექსანდროპოლისში კვირას ჩაფრინდა, შემდეგ კი მუსლიმებით დასახლებულ ქალაქ კომოტინიში გააგრძელა ვიზიტი.

“ჩავედი საბერძნეთში, რათა შევხვდე თურქული უმცირესობის წარმომადგენლებს დასავლეთ თრაკიაში და განვიხილე ჩვენი ბილატერალური ურთიერთობები”, - დაწერა ტვიტერზე თურქეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რეგიონში მცხოვრები მუსლიმების “თურქულ უმცირესობად” მოხსენიება დიპლომატიურად სენსიტიური საკითხია, რადგან საბერძნეთი რეგიონში მხოლოდ რელიგიური უმცირესობის არსებობას აღიარებს. ამით საბერძნეთი რეგიონზე თურქეთის შესაძლო გავლენის შემცირებას ცდილობს. 

ვიზიტის ფარგლებში ჩავუშოღლუ თურქეთის მიერ დანიშნულ მუფტებს შეხვდა ქალაქ კომოტინისა და ხანტიში, რომლებსაც საბერძნეთი არ აღიარებს. ასევე ის ეწვია სადიკ აჰმეთის საფლავს, რომელიც 1989 წელს აირჩიეს საბერძნეთის პარლამენტის წევრად ღიად პროთურქული პარტიიდან. სწორედ მისი არჩევის შემდეგ გაიზარდა საბერძნეთის საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი 3%-მდე.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი მოსამზადებელ შეხვედრად განიხილება საბერძნეთის პრემიერ მიცოტაკისსა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შორის ივნისში, ნატოს სამიტზე დაგეგმილი შეხვედრის წინ.

მსგავსი სიახლეები