ტაივანზე ამერიკელი სენატორის ვიზიტის ფონზე ჩინეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა
ჩინეთის შეიარაღებული ძალებმა ტაივანის საჰაერო და საზღვაო სივრცესთან ახლოს საბრძოლო მზადყოფნის წვრთნები ჩაატარეს.
სამხედრო სწავლება კუნძულზე გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის, რიკ სკოტის ვიზიტს დაემთხვა, რომელიც ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინგ-ვენს შეხვდა.
წვრთნები, რომლებსაც ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ სარდლობა ხელმძღვანელობდა, აშშ-ს და ტაივანის „პროვოკაციული“ ნაბიჯების საპასუხოდ ჩატარდა, - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა.
გუშინ რამდენიმე ჩინურმა გამანადგურებელმა ტაივანის სრუტე ჩრდილოეთის ნაწილში გადაკვეთა, თუმცა კუნძულის საჰაერო ზონაში არ შესულან, წერს სააგენტო Reuters-ი.
„ჩინეთის არმია ომისთვის მუდმივ მზადყოფნაშია და გარე ძალების ჩარევის და ტაივანის სეპარატისტული მცდელობების შემთხვევაში ყველა საჭირო ზომას მიიღებს“, - განაცხადეს ჩინეთის თავდაცვის უწყებაში.
ამერიკელმა სენატორმა ჩინეთის „გამომწვევი“ ქმედება დაგმო და განაცხადა, რომ ტაივანის წყნარი ოკეანის სამხედრო სწავლებებში ჩართვას უჭერს მხარს.
RIMPAC-ის სახელით ცნობილი წვრთნები მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ საზღვაო სწავლებას წარმოადგენს, რომელშიც აშშ და 25 მოკავშირე ქვეყანა მონაწილეობენ.
ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიას მიიჩნევს და კუნძულზე „სამხედრო გზით“ კონტროლის დამყარებაზე საუბრობს.