თალიბანმა ქალებს შორ მანძილზე „თანმხლები მამაკაცის“ გარეშე გადაადგილება აუკრძალა

 

თალიბანმა ავღანელ ქალებს შორ მანძილზე თანმხლები მამაკაცის - ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის - გარეშე გადაადგილება აუკრძალა.

ახალი განკარგულება ზნეობრიობის დაცვის და ცოდვის აღმოფხვრის სამინისტრომ - თალიბანის „მორალის პოლიციამ“ გამოსცა.

„ქალები, რომლებიც 72 კილომეტრზე უფრო შორს მოგზაურობას აპირებენ, თან აუცილებლად მამაკაცი უნდა ახლდეთ“, - განაცხადა სამინისტრომ პრეს-სპიკერმა სადიყ მუჰაჯირმა.

ავღანელ ქალებს მგზავრობისას ჰიჯაბის ტარებაც მოუწევთ.

ცოტა ხნის წინ სამინისტრომ ავღანურ ტელეარხებზე ფილმების და სერიალების ჩვენება აკრძალა, რომლებშიც ქალი მსახიობები თამაშობენ.

ამასთან, „ზნეობრიობის“ უწყებამ ქალ ტელეწამყვანებს ჰიჯაბის ტარების ვალდებულება დააკისრა.


ტერორისტული ორგანიზაცია ავღანეთის ხელისუფლებაში 2021 წლის აგვისტოში, ქვეყნის დასავლური სამხედრო მისიის დატოვების შემდეგ მოვიდა.

თალიბანის ლიდერები აცხადებდნენ, რომ მათი მმართველობის წინა პერიოდისგან განსხვავებით, ამჯერად ქალთა უფლებებს პრიორიტეტს მიანიჭებდნენ - „შარიათის ფარგლებში“. საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ, დაპირების მიუხედავად, თალიბანი ქალების უფლებებს სისტემატურად ზღუდავს.

მსგავსი სიახლეები