ტაქტიკური წინსვლა და დანაკარგები - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 1

დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, უკრაინის კონტრიერიში დაიწყო, ამაში დარწმუნების საშუალებას ბრძოლის ველზე უკრაინისთვის გადაცემული ჯავშანტექნიკისა და ახალი დანაყოფების გამოჩენა იძლევა. 

უკრაინის იერიში რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, ყველაზე მნიშვნელოვანი ძალებით ЗСУ ზაპორიჟიის ოლქში უტევს. გასული 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფრონტის გარღვევის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. საუბარია უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკურ წინსვლასა და არსებით დანაკარგებზე. 

დეტალები

უკრაინის კონტრიერიშის დაწყების შესახებ დასავლური გამოცემებიდან პირველად The Economist-მა 4 ივნისს დაწერა. მოგვიანებით იმავე შინაარსის მასალები გამოქვეყნდა Washington Post-ში, მასალის ავტორები უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში საკუთარ წყაროებს ეყრდნობოდნენ. 

მოგვიანებით ამის შესახებ დაწერა New York Times-მაც - მათი ცნობით, უკრაინის ძირითადი ძალისხმევა ზაპორიჟიის ფრონტისკენ არის მიმართული. 

უკრაინის კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით სპეციალიური ბიულეტენი გაავრცელა ომის კვლევის ინსტიტუტმა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უკრაინის კონტრიერიში არ იქნება მოქცეული ცალკეულ დიდ ოპერაციაში, არამედ რამდენიმე და განსხვავებული ინტენსივობის ოპერაციით იქნება გამოხატული. 

ინსტიტუტის ექსპერტები იერიშის საწყის ეტაპზე უკრაინის დანაკარგებს პროგნოზირებენ. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ კონტრიერიშის დაწყების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

რა ხდება 

ზაპორიჟიიჟიის ფრონტი - სწორედ ფრონტის ამ მონაკვეთზე განვითარებული მოვლენები გახდა უკრაინის კონტრიერიშის დაწყების დამადასტურებელი. უკრაინის არმიამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალებით წამოიწყო იერიში ორეხოვოსა და ტოკმაკის ხაზზე, სოფელ მალაია ტოკმაჩკასა და ლობკოვესთან განვითარდა. 

ბრძოლაში პირველად გამოჩნდნენ გერმანული წარმოების Leopard 2-ის ტანკები და სხვა დასავლური ტექნიკა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძოლის ვალზე დაზიანებული დასავლური ჯავშანტექნიკის ამსახველი ვიდეო კადრები გაავრცელა. დასავლურმა მედიებმა კადრების ვერიფიკაციის შედეგად დაადასტურეს, რომ ვიდეოზე ნამდვილად დაზიანებული დასავლური ტანკები ჩანს. 

"უკრაინამ ზაპორიჟიის ბრძოლებში საკმაოდ მნიშვნელოვანი შეიარაღება გამოიყენა, მათ შორის Leopard 2 და DM 53A1-ის სანატკო ჭურვები, მაგრამ რამდენად არის ძირითადი შეტევა ჯერჯერობით რთული სათქმელია",- ამბობს Financial Times-სთან საუბარში უკრაინის კონფლიქტის მონიტორინგის ცენტრის დამფუძნებელი კონრად მუზიკა. 

ახალი ბრიგადების გამოჩენაზე ამახვილებს ყურადღებას საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი. "უკრაინულ ძალებს აქვთ ტაქტიკური წინსვლა, თუმცა მათ განიცადეს დანაკარგები",- ამბობს ლი New York Times-სთან საუბარში

ფრონტის ამ მონაკვეთზე ЗСУ-ს კონტრიერიში მოგერიებაზე წერდნენ მთელი დღეს განმავლობაში რუსი Z-ბლოგერები. უკრაინის მიერ ოპერაციული დუმილის ფონზე, უჩვეულოდ აქტიური რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. პირველად ომის მიმდინარეობის განმავლობაში მედიასთან გამოჩნდნენ ცალკეული დანაყოფების მეთაურები. 

მათ შორის გავრცელდა ზაპორიჟიის მიმართულებით მოქმედი 58-ე არმიის მეთაურის, გენერალ-მაიორ ივან პოპოვის ჩანაწერი, რომელშიც ის ზაპორიჟიაში განვითარებულ ბრძოლებზე საუბრობს. მიმდინარე კონტრიერიშს ზედიზედ მეორედ გამოეხმაურა სერგეი შოიგუც. მისი თქმით, უკრაინის არმიის წინსვლა ყველა მიმართულებით პრევენციულად აღკვეთილია. 

ზაპორიჟიის მიმართულებით ბრძოლებს გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჰანა მალიარი - მისი თქმით, ზაპორიჟიის ფრონტზე ოკუპანტები აქტიურ თავდაცვაში არიან, ხოლო ბახმუტის მიმართულებით უკრაინის შეტევა წინ მიიწევს. 

დონეცკის ფრონტი - ფრონტის ამ მონაკვეთზე აქტიური ბრძოლები 3 ივნისიდან, სოფელ ველიკა ნოვოსიოლკადან დაიწყო. ბრძოლები განვითარდა ნოვოდონეცკოესა და ნოვოდარივკასთან. ბრძოლების დაწყებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა ველიკა ნოვოსელკა დაიკავა, თუმცა მალევე მოუწია უკან დახევა. 

ნოვადაროვკის მიმართულებით უკრაინის არმიის შეტევები 5-6 ივნისს გააქტიურდა. დაზიანებული უკრაინული ფრონტის ამ მონაკვეთიდანაც გავრცელდა ჯავშანტექნიკის კადრები. თუ კი უკრაინის იერიშის მთავარი ღერძი ორეხოვოდან ზაპორიჟიის სამხრეთისკენ არის, სოფელ ველიკაია ნოვოსილკასთან განვითარებული აქტივობა შესაძლოა ЗСУ-ს ამბნევი მანევრი იყოს - მიიჩნევს Conflict Intelligence Team-ის დამფუძნებელი, რუსლან ლევიევი. 

დონეცკელი სეპარატისტების ყოფილი ლიდერი, იგორ სტრელკოვი მიიჩნევს, რომ უკრაინის იერიში ერთდროულად 2 მიმართულებით - ზაპორიჟიისა და დონეცკის სამხრეთში განვითარდება. 

ბახმუტის ფრონტი - გავრცელებული ცნობებით, აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტის შემოგარენში კერძოდ კლიშეევკასა და ბერხოვკის წყალსაცავთან. CNN-ის ცნობით, ფრონტის ამ მონაკვეთზე უკრაინის არმიამ შეძლო ოკუპანტების თავდაცვის ხაზების დაძლევა და მოწინააღმდეგის მცირე დაჯგუფების განადგურება, თუმცა ჯავშანტექნიკაში მათაც არსებითი დანაკარგები განიცადეს. 

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების ცნობით, უკრაინელი სამხედროები ოკუპანტებისგან უფრო დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან, ვიდრე ელოდნენ. ამავე წყაროების მტკიცებით განცდილი დანაკარგები მნიშვნელოვნად ვერ აისახება უკრაინის კონტრიერიშის ბედზე. 

კონტექსტი 

"ЗСУ-ს გეგმებზე საუბარია რთულია, რადგანაც მათი ძალების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ არ ჩართულა მოქმედებაში",- ამბობს OSINT ანალიტიკოსი კირილ მიხაილოვი. 

უკრაინის კონტრიერიშზე არ შეიძლება მსჯელობა რამდენიმე საცდელი შეტევით - ამბობს რუსლან ლევიევი. მისი თქმით, პირველი შედეგების დასანახად შესაძლოა რამდენიმე კვირა იყოს საჭირო. 

უკრაინის კონტრიერიშის გამხსნელ ფაზაზე მოცულობითი წერილი გამოაქვეყნა ავსტრალიელმა გენერალმა, მიკ რაინმა. გენერალი უკრაინის იერიშის ნორმანდიაში დესანტის გადასხმის შემდეგ, მოკავშირეების მასშტაბურ ოპერაცია კობრას ადარებს. 

"ოპერაცია ნელ-ნელა ვითარდებოდა, თუმცა მას შემდეგ რაც ტემპი აკრიფა ეს ძალიან ეფექტური იყო. სწორედ კობრამ დაანგრია გერმანიის თავდაცვის ხაზები და შესაძლებელი გახადა შემდგომი იერიშები",- წერს რაიანი. 

ავსტრალიელი გენერლის აზრით საუკეთესო სცენარში უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას მიმდინარე წელს გაათავისუფლებს. მოვლენათა განვითარების ყველაზე სავარაუდო სცენარი კი ЗСУ-ს მიერ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში დიდი ტერიტორიის გათავისუფლებაა. რაიანის აზრით, ამ შემთხვევაში უკრაინა აღმოჩნდება კარგ პოზიციაში ყირიმის გათავისუფლების ოპერაციის დასაწყებად. 

რაიანის თქმით, მოწინააღმდეგის დასაბნევად უკრაინელები გახსნიან შეტევის სხვა ხაზებსაც, რაც საშუალებას მისცემს მათ გამოავლინონ სუსტი წერტილები მტრის პოზიციებში და შემდეგ ეს სისუსტეები მაქსიმალურად გამოიყენონ. 

"კამპანია იქნება კომპლექსური, მასშტაბური, სისხლიანი და ასევე დამაბნეველი გარე დამკვირვებლებისთვის. ეს იქნება მასიური ძალისხმევა, რომელიც არა დღეების, არამედ თვეების განმავლობაში განვითარდება. და რაც მთავარია იქნება ბევრი სიურპრიზი",- წერს მიკ რაიანი. 

მსგავსი სიახლეები