თედეევი: კოკოითმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოყოფილი რუსული დახმარების ნახევარი მოიპარა
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პარტია "ალანიის პატრიოტთა" ლიდერმა ძამბოლატ თედეევმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი რუსეთის ფინანსური დახმარების მითვისებაში დაადანაშაულა.
თედეევი 2027 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს.
მისი თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მთელმა რუსეთმა დაიწყო ფულის შეგროვება ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისთვის და კოკოითმა მოიპარა.
"ადამიანმა, რომელიც იმ დროს ხელისუფლებაში იყო და რამდენიმე მილიარდი რუბლი შეგროვდა - ნახევარი თავისთვის აიღო და ნახევარი ახლობლებს მისცა უპროცენტო სესხად, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს. ანუ მილიარდები აიღო, დარჩენილი რამდენიმე ათეული მილიარდი კი საყვარელ ადამიანებს, 20 ადამიანს დაურიგა. კითხვა: მხოლოდ 20 ადამიანი დაზარალდა ომის შედეგად თუ მხოლოდ 20-მა მოიგო ომი? რატომ 20 და არა მთელი მოსახლეობა?" - თქვა თედეევმა.
ედუარდ კოკოითი სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკის ლიდერი იყო: კრემლმა ის პრეზიდენტის პოსტზე 2001 და 2006 წლებში დანიშნა.
კოკოითს ხშირად ადანაშაულებდნენ რუსეთის ფინანსური დახმარების მოპარვაში.
2027 წლის ე.წ. "არჩევნებში" პრეზიდენტობის კანდიდატებად ძამბოლატ თედეევი და ედუარდ კოკოითი მოიაზრებიან.