TikTok-ი ევროპარლამენტის არჩევნების წინ ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
"Tiktok-ი" ევროპარლამენტის მოახლოებულ არჩევნებამდე ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება.
"Tiktok-ი" გეგმავს, რომ აპლიკაციაში ევროპის კავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ადგილობრივ ენაზე ფაქტების გადამოწმების განყოფილება შექმნას, რომელიც მომხმარებელს ნამდვილი და გამოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევის შესაძლებლობას მისცემს.
2024 წელს ევროპარლამენტის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ამომრჩეველთა შეცდომაში შეყვანისა და ხმის მიცემის ჩაშლის თავიდან აცილების მიზნით, სოციალური პლატფორმები და აპლიკაციები საკუთარ ძალისხმევას მნიშვნელოვნად აძლიერებენ.
"Tiktok-მა", სადაც დაახლოებით 6000 ადამიანი ევროპულ ენებზე შექმნილ კონტენტს მოდერაციას უწევს, აღნიშნა, რომ დეზინფორმაციის, ფარული მოქმედებებით საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების, შეცდომაში შემყვანი შინაარსის ფოტოს, ვიდეოს, აუდიო მასალის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოებთან, ასევე ევროპარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით "Tiktok-ში" განთავსებულ ვიდეოებს შესაბამისი ნიშანი გაუჩნება, რომლის საშუალებითაც მომხმარებლისთვის კონკრეტული ქვეყნის შიდა საარჩევნო ცენტრზე გადასვლა იქნება შესაძლებელი.
ცენტრები, ადგილობრივი საარჩევნო კომისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, დაინტერესებულ პირებს სანდო, გადამოწმებულ და ავტორიტეტულ ინფორმაციას მიაწვდიან.
აღსანიშნავია, რომ "Tiktok-ს" დაახლოებით 134 მილიონი ევროპელი მომხმარებელი ჰყავს. 2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, როდესაც მომხმარებელი აპლიკაციის საძიებო ველს ახალი ამბების გასაგებად იყენებს, მოძიებული ინფორმაციის დააზლოებით 20% ყალბ ამბებს შეიცავს.