ტოკაევი: ОДКБ-ს ძალები ყაზახეთის დატოვებას ორ დღეში დაიწყებენ
ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) „სამშვიდობო“ ძალები ქვეყნის დატოვებას ორ დღეში დაიწყებენ.
კრემლს დაქვემდებარებულმა სამხედრო ალიანსმა ყაზახეთში ძალები მას შემდეგ გაგზავნა, რაც კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ორგანიზაციას „ტერორისტული საფრთხის“ წინააღმდეგ დახმარება სთხოვა.
გასულ კვირას ყაზახეთი საპროტესტო ტალღამ მოიცვა, რომლის მონაწილეები ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებენ და ყოფილი ლიდერის, ნურსულთან ნაზარბაევის ძალაუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას ითხოვენ.
ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დემონსტრაციების უკან „უცხო ქვეყნების მიერ მომზადებული ტერორისტები“ დგანან. ის „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე“ საუბრობს.
ტოკაევის თქმით, ОДКБ-მ საკუთარი მისია უკვე შეასრულა და ქვეყანაში ვითარება „სტაბილურია“.
11 იანვარს ყაზახეთის პირველმა პირმა ახალი პრემიერ-მინისტრი, ალიხან ისმაილოვი დანიშნა.
გასულ კვირაში ტოკაევმა მთავრობა სრული შემადგენლობით დაითხოვა.
ისმაილოვი წინა მთავრობაში პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცავებმა პროტესტის 9000-მდე მონაწილე დააკავეს.
ოფიციალური ინფორმაციით, დემონსტრაციებში სულ 163 პირი დაიღუპა.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, რომელსაც კრემლის გავლენის იარაღად მიიჩნევა, ყაზახეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი და ბელარუსი შედიან.