ტოკაევმა აღიარა, რომ იანვრის პროტესტის დროს დაკავებულებს პოლიცია აწამებდა
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აღიარა, რომ იანვარში მასობრივი სახალხო დემონსტრაციების დროს დაკავებულების მიმართ პოლიცია დაკითხვის აკრძალულ მეთოდებს, მათ შორის წამებას მიმართავდა.
„შუა საუკუნეების ასეთი ბარბაროსული გამოვლინება ნებისმიერი პროგრესული საზოგადოების ნორმებს ეწინააღმდეგება და ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.
ტოკაევის თქმით, სამართალდამცავების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ყველა შემთხვევას „დეტალურად“ გამოიძიებენ.
ნავთობით და გაზით მდიდარ ქვეყანაში სახალხო პროტესტი საწვავის ფასის ზრდას მოჰყვა, რომელიც მოგვიანებით მასობრივ პოლიტიკურ დემონსტრაციებში გადაიზარდა.
დემონსტრანტები, სოციალურ მოთხოვნებთან ერთად, ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - ნურსულთან ნაზარბაევის - ძალაუფლების სადავეებიდან ჩამოშორებას ითხოვდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, იანვრის დემონსტრაციებში 800-მდე პირი დააკავეს. პოლიციის მიერ პროტესტის დარბევისას 227 პირი დაიღუპა.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, დაკავებულთა და დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით უფრო მაღალია.