რესპუბლიკურ პარტიაში ტრამპის მთავარი კრიტიკოსი, ლიზ ჩეინი პრაიმერიში დამარცხდა

ვაიომინგის კონგრესმენი და დონალდ ტრამპის ყველაზე მწვავე მოწინააღმდეგე რესპუბლიკურ პარტიაში, ლიზ ჩეინი პარტიულ პრაიმერიში დამარცხდა. 

ლიზ ჩეინის დამარცხების მთავარი მიზეზი სწორედ დონალდ ტრამპთან დაპირისპირებაა - ჩეინი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორცილებული შტურმის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა.

კონტექსტი

ამ დროის განმავლობაში აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის შვილი და სამგზის კონგრესმენი თავის პარტიაში დონალდ ტრამპის პრინციპული მოწინააღმდეგე გახდა.

ტრამპთან ამგვარმა დაპირისპირებამ პარტიის სხვა წევრებთან ლიზ ჩეინის პარტიისგან გარიყვა გამოიწვია - რესპუბლიკელების დიდი ნაწილი ჩეინისგან განსხვავებით მხარს უჭერდა ტრამპის პოზიციას არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. 

დამარცხების აღიარების სიტყვაში ლიზ ჩეინიმ განაცხადა, რომ ეს აღარ არის ის პარტია, რომელშიც ოდესღაც გაწევრიანდა:

"მე გავაკეთებ ყველაფერს რაც საჭიროა იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი აღარასდროს დაბრუნდეს ოვალურ კაბინეტში."

ჩეინის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურა წამოაყენოს. მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მომდევნო თვეებში მიიღებს. 

არჩევნებში დამარცხების შემდეგ, დონალდ ტრამპი რესპუბლიკურ პარტიაში მის მიმართ ალოიალურად განწყობილი წევრების წმენდით და მათი მაქსიმალური იზოლირებით დაკავდა. 

იმ 10 რესპუბლიკელიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ტრამპის იმპიჩმენტს - 6 იანვრის მოვლენების წაქეზების გამო - მხოლოდ 2 რჩება კონგრესმენობის კანდიდატად. დანარჩენები თავისი ნებით ჩამოშორდნენ პრაიმერის ან ლიზ ჩეინის მსგავსად ტრამპის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებთან დამარცხდნენ. 

თითქმის 50 წლის განმავლობაში ჩეინები ვაშინგტონში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ოჯახად მიიჩნეოდნენ - დიკ ჩეინი თავად კონგრესმენი იყო, რომელიც უმცროსი ბუშის ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. ლიზ ჩეინი კონგრესში 2016 წელს აირჩიეს. 

დიდი გავლენით სარგებლობდა თავად ლიზ ჩეინიც, რომელიც პარტიის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებოდა. ჩეინის პოლიტიკური ბიოგრაფია 6 იანვრის მოვლენებმა შეცვალა - კონგრესმენი უკომპრომისო იყო თავის კრიტიკაში დონალდ ტრამპის მიმართ და მას მოვლენების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევდა. 

"ჩვენს ისტორიაში არასდროს ყოფილა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის წინაშე დადებული ფიცის უფრო დიდი და შემზარავი ღალატი", - ამბობდა ლიზ ჩეინი. 

მიმდინარე წლის ნოემბერში აშშ-ში შუალედური არჩევნები უნდა ჩატარდეს, რომლის ფარგლებშიც ამერიკელებმა 435 კონგრესმენი და 35 სენატორი უნდა აირჩიონ. პარალელურად ტარდება სხვადასხვა დონის ადგილობრივი არჩევნები. 

წინასწარი მონაცემებით რესპუბლიკელებს ორივე პალატაში უპირატესობის მოპოვების კარგი შანსი აქვთ.

 

მსგავსი სიახლეები