ტრამპის პრეტენზიების შემდეგ პანამამ უარი თქვა ჩინურ პროექტში მონაწილეობაზე

პანამა აღარ გააგრძელებს ჩინეთთან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ერთი გზა, ერთი სარტყელის პროექტი ითვალისწინებდა. 

ამის შესახებ პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ ამერიკის შეერთებულ შტატების სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მულინოს თქმით, შეხვედრის დროს მარკო რუბიოს არ გამოუთქვამს მუქარა პანამის არხზე აშშ-ს მხრიდან კონტროლის დაბრუნების ან ძალის შესაძლო გამოყენების შესახებ. ამასთანავე, რუბიომ პანამის პრეზიდენტს განუცხადა, რომ არხის ტერიტორიაზე ჩინეთის ყოფნა არღვევს შეთანხმებას ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელიც საფუძვლად დაედო ამ საზღვაო არტერიის პანამისთვის გადაცემას 1979 წელს. 

რუბიოს თქმით, ვაშინგტონისთვის მიუღებელია რეგიონში შექმნილი სტატუს-კვო და ჩინეთის მზარდი გავლენა და თუ კი ცვლილებება დაუყოვნებლივ არ განხორციელდა აშშ იძულებული იქნება მიიღოს ზომები საკუთარი უფლებების დასაცავად. 

კონტექსტი 

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა პანამის არხზე კონტროლის დამყარების აუცილებლობის შესახებ. მისი თქმით, ამერიკის სავაჭრო და სამხედრო გემები სხვებზე მეტს იხდიან არხით სარგებლობისთვის. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტი მიუთითებდა იმაზეც, რომ სატვირთო ტერმინალებს ორივე მხრიდან ემსახურება ჰონგ-კონგური კომპანია ემსახურება - "პანამის არხი ჩვენ ჩინეთისთვის არ გადაგვიცია, ჩვენ ის პანამას გადავეცით და ახლა უკან დავიბრუნებთ."

თავის მხრივ მულინო ამბობს, რომ მკაცრი ნეიტრალიტეტის პირობის დაცვით არხი პანამის მმართველობაში დარჩება. 

1903 წელს ამერიკამ მხარი დაუჭირა პანამაში ჩასახულ დამოუკიდებლობის მოძრაობას და გამოყოფას კოლუმბიისგან. ამავე პერიოდში მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, აშშ "უსასრულო დროით" იღებდა სარგებლობაში ტერიტორიას, რომელზეც პანამის არხი უნდა აშენებულიყო. სანაცვლოდ პანამამ ერთჯერადად 10 მილიონი დოლარი მიიღო, გარდა ამისა დადგინდა არენდის საფასური, რომელიც აშშ-ს ყოველწლიურად უნდა გადაეხადა.

ანტი-ამერიკული განწყობების ზრდის პარალელურად 1977 წელს აშშ-მ და პანამამ ხელი მოაწერეს 2 ხელშეკრულებას - ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, 1999 წლიდან არხი მართვაში პანამის მთავრობას გადაეცემოდა, მეოერე მათგანით მკაცრი ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ ვაშინგტონი უარს ამბობდა არხის მახლობლად სამხედრო ობიექტების ქონაზე, თუმცა ინარჩუნებდა საზღვაო არტერიით სარგებლობის უფლებას საკუთარი სამხედრო ფლოტისთვის. 

მსგავსი სიახლეები