ტრამპმა სენატს მოუწოდა, ხმა არ მისცეს კომპრომისულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინის დახმარებას მოიცავს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სენატს მოუწოდა, არ დაუჭიროს მხარი მიგრაციის რეგულირების კომპრომისულ შეთანხმებას, რომელიც უკრაინისთვის დამატებით დახმარებასაც მოიცავს.
ამის შესახებ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში Truth Social-ში წერს.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "მხოლოდ სულელი ან რადიკალური მემარცხენე დემოკრატი მისცემდა ხმას საშინელ სასაზღვრო კანონპროექტს."
"ეს კანონპროექტი მშვენიერი საჩუქარია დემოკრატებისთვის და მომაკვდინებელი სურვილი რესპუბლიკური პარტიისთვის... ნუ იქნებით სულელები!!! ჩვენ გვჭირდება ცალკე საზღვრისა და საიმიგრაციო კანონპროექტი," - წერს ის.
ერთი დღით ადრე, აშშ-ის სენატმა წარადგინა 118 მილიარდი დოლარის ღირებულების ორპარტიული სასაზღვრო უსაფრთხოების კანონპროექტი, რომელიც ასევე მოიცავს უკრაინისა და ისრაელის დახმარებას.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სენატის გამოგზავნილ კანონპროექტს კენჭისყრაზე არ დააყენებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, თავის მხრივ, მოითხოვა სენატში წარმოდგენილი კანონპროექტის რაც შეიძლება სწრაფად მიღება.
კონტექსტი
არალეგალური მიგრაცია 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი საკითხია.
მიგრანტების შემოდინების გამო მზარდი საზოგადოებრიცი პროტესტის ფონზე, პრეზიდენტმა ბაიდენმა იანვარში პირობა დადო, რომ "ახლავე ჩაკეტავს საზღვარს" და სწრაფად გამოასწორებს ვითარებას, თუ კონგრესი კანონპროექტს დაამტკიცებს.
მას შემდეგ, რაც ბაიდენი პრეზიდენტი გახდა, 6.3 მილიონზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც უკანონოდ შევიდნენ შეერთებულ შტატებში.
მათგან დაახლოებით 2.4 მილიონს შეუშვეს შეერთებულ შტატებში, სადაც უმრავლესობა საიმიგრაციო სასამართლოს ელოდება, რომლებშიც მათ შეეძლებათ თავშესაფრის მოთხოვნის მოთხოვნა. სისტემა იმდენად გადატვირთულია, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს.
იანვარში CBS-ის მიერ ჩატარებული კვლევით, ამერიკელთა თითქმის ნახევარი საზღვარზე არსებულ ვითარებას კრიზისად მიიჩნევს, 63% ამბობს, რომ ადმინისტრაციამ "მკაცრი" პოლიტიკა უნდა გაატაროს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას ისრაელისთვის სამხედრო დახმარების საკითხი ქვედა პალატაში ცალკე განიხილება.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს ისრაელის მხარდაჭერის კანონპროექტს, უკრაინის დახმარების დამტკიცების გარეშე.