თურქ აქტივისტ ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენ და სამოქალაქო აქტივისტ ოსმან კავალას „სახელმწიფო გადატრიალების“ მუხლით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

თურქეთის პროკურატურა კავალას 2013 წელს გეზის პარკის დემონსტრაციების დაფინანსებასა და 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ხელშეწყობაში სდებდა ბრალს.

კავალამ, რომელიც სასამართლოს სხდომას სტამბულთან მდებარე მკაცრი რეჟიმის ციხიდან ერთვებოდა, მის წინააღმდეგ საქმეს „სამართლებრივი მოტივით მკვლელობა“ უწოდა.

თურქმა აქტივისტმა აქამდე ციხეში ოთხნახევარ წელზე მეტი დაჰყო - ისე, რომ ოფიციალურად ბრალი არ ჰქონდა წაყენებული.

საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ უფლებადამცველი ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების დიდი ნაწილი.

„დღეს მართლმსაჯულების პაროდია ვიხილეთ - განსაცვიფრებელი მასშტაბებით“, - განაცხადა Amnesty International-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა ნილს მუიზნიეკსმა.

მსჯავრდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს გერმანია.

„[თურქეთის] სასამართლოს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმებს უხეშად ეწინააღმდეგება“, - ასე გამოეხმაურა კავალას ვერდიქტს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „თურქეთში სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, პოლიტიკური და ბიზნეს ლიდერების სამართლებრივი შევიწროება გრძელდება“.

 

ვინ არის ოსმან კავალა?

ოსმან კავალა ცნობილი ბიზნესმენი და ფილანთროპია, იგი წლების განმავლობაში დაკავებული იყო თურქეთში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით. კავალას სახელს უკავშირდებოდა ათობით საგანმანათლებლო პროექტი, ბიზნესმენი აფინანსებდა ხელოვნებასაც. 

კავალა 2017 წელს დააპატიმრეს, თავდაპირველად მას ბრალად წაუყენეს 2013 წელს სტამბოლში, "გეზი პარკის" საპროტესტო აქციების დაფინანსება. მოგვიანებით ბრალდებას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობაც დაემატა. 

კავალა ბრალდებებს უარყოფს. თავად ერდოღანი კავალას ამერიკელი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის "თურქულ ფეხს" უწოდებს. ცოტა ხნის წინ კავალას საქმეზე განაჩენი გამოიტანა ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლომაც. 

სასამართლომ დაასკვნა, რომ თურქეთის მთავრობამ დაარღვია კავალას ფუნდამენტური უფლებები და რომ მის დაპატიმრებას საფუძვლად პოლიტიკური მოტივები ედო. ევროპულმა სასამართლომ თურქეთს კავალას დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. 

მიუხედავად ამისა, თურქეთის მთავრობა ამ დრომდე უარის ამბობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. მიმდინარე წლის 17 სექტემბერს კავალას საქმესთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა ევროპის საბჭომაც, რომელშიც კვლავ კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციების დაწესებაზე იყო საუბარი. 

მსგავსი სიახლეები