თურქეთმა აზერბაიჯანთან სამხედრო პარტნიორობის შეთანხმება დაამტკიცა

 

თურქეთის ნაციონალურმა კრებამ აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის გაფორმებული, შუშის სამხედრო დეკლარაციის რატიფიცირება მოახდინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Haber Global ავრცელებს. 

შეთანხმების რატიფიცირებას მხარი 266 დეპუტატმა დაუჭირა, 11 კანონმდებელი კი ინიციატივის წინააღმდეგი იყო. 

შუშის სამხედრო დეკლარაციას ხელი 2021 წლის 15 ივნისს, რეჯეფ თაიპ ერდოღანის ყარაბაღში ვიზიტის დროს მოეწერა. დეკლარაციაში საუბარია ორი ქვეყნის მჭიდრო ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობაზე. 

მათ შორის, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ნებისმიერი მესამე ქვეყნის მხრიდან თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობის საფრთხის შემთხვევაში ბაქო და ანკარა ერთმანეთს აუცილებელ დახმარებას გაუწევენ. 

მოგვიანებით ერდოღანმა შესაძლებლად მიიჩნია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის სამხედრო ბაზის განთავსებაც. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, შუშის დეკლარაცია ამგვარ შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. 

ერდოღანის აღნიშნულ განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ კრემლში, სადაც განაცხადეს, რომ ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ინფრასტრუქტურის განთავსება რუსეთის საზღვრებთან ახლოს რუსეთის საპასუხო ზომებს გამოიწვევს. 

შუშა იმავე დასახლების რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელსაც მთიან ყარაბაღში დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. შუშის დაკავება აზერბაიჯანული არმიის მიერ ყარაბაღის მეორე ომის გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევა. 

2021 წლის მაისში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შუშა აზერბაიჯანის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები