უახლოეს დღეებში თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრაა მოსალოდნელი
თურქეთში, ბოლოდროინდელი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების მოსახლეობა უნდა მოემზადოს ახალი ბიძგებისთვის. სეისმოლოგები ხუთზე მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის განმეორებით ბიძგებს ელიან. ამის შესახებ 17 თებერვალს, თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა განაცხადა.
რეგიონში ბიძგები ყოველ ოთხ წუთში ერთხელ იგრძნობა. ამ დროისთვის დაფიქსირდა 4700-ზე მეტი ბიძგი, რომელთაგან ორმოცს ოთხზე მეტი მაგნიტუდა ჰქონდა.
"ეს არის ძალიან უჩვეულო სიტუაცია", - თქვა სპიკერმა.
ურბანული დაგეგმარების მინისტრის, მურატ ქურუმის განცხადებით, სტიქიის შედეგად თურქეთში 84 000-ზე მეტი სახლი დაინგრა ან დაზიანდა.
სტიქიის ზონებში მოსახლეობას კვლავ ურჩევენ, არ დაბრუნდნენ სახლებში და თავი შეიკავონ შენობებში შესვლისგან. თუმცა, ალტერნატივის არარსებობის გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებულნი არიან სახლში დაბრუნდნენ ტანსაცმლისა და პირადი ნივთებისთვის.
თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად 20 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მხოლოდ თურქეთში 38 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მეზობელ სირიაში კი - სულ მცირე 5 900.