აშშ-ს უკრაინაში საელჩოს თანამშრომლები პოლონეთში გადაჰყავს

სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის შემოჭრის საფრთხის ფონზე სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლები პოლონეთში გადაიყვანა.

"სახელმწიფო დეპარტამენტის პერსონალი, რომელიც ამჟამად ლვოვში იმყოფება, უსაფრთხოების მიზნით, ღამეს პოლონეთში გაატარებს. ჩვენი პერსონალი რეგულარულად ბრუნდება უკრაინაში დიპლომატიური მუშაობის გასაგრძელებლად და გადაუდებელი საკონსულო სერვისების უზრუნველსაყოფად

ის ფაქტი, რომ ჩვენ ვიღებთ ფრთხილ ზომებს აშშ-ს მთავრობის პერსონალისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად - როგორც ამას რეგულარულად ვაკეთებთ მთელ მსოფლიოში - ეს არანაირად არ აკნინებს ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის მიმართ“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.  

გუშინ რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ლუჰანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.

დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს.

მსგავსი სიახლეები