სანქციები, მაგრამ ზომიერად - დასავლეთის პასუხი პუტინის მიერ დონბასის აღიარებაზე
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკის და ლუჰანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებას დასავლური ქვეყნების მყისიერი რეაქცია მოჰყვა.
ევროპელი და ამერიკელი ლიდერები რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გმობენ და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად აფასებენ.
საუბარია საპასუხო ეკონომიკურ სანქციებზე და რუსეთის დიპლომატიურ იზოლაციაზე, მას შემდეგ, რაც გუშინ კრემლმა უკრაინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პერსპექტივას, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა.
თუმცა, სანქციების "მასშტაბური" პაკეტის ამოქმედება, რომელიც რუსულ საფინანსო სექტორს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებდა, ჯერჯერობით არ იგეგმება.
ვაშინგტონში დონბასის ტერიტორიების აღიარება ამერიკის ეროვნული უშიშროებისთვის და საგარეო პოლიტიკისთვის „უჩვეულო და ექსტრაორდინარულ“ საფრთხედ შეაფასეს.
პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის საპასუხოდ განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ლუჰანსკში და დონეცკში - ინვესტიციების ჩადებას და ბიზნეს-საქმიანობას უკრძალავს.
მანამდე მსგავსი შეზღუდვები აშშ-მ რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის საპასუხოდ, 2014 წელს მიიღო.
ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღიარების საპასუხო ზომები ე. წ. „სანქციების დიდი პაკეტისგან“ დამოუკიდებლად დააწესეს, რომელიც უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესიის განახლების შემთხვევაში ამოქმედდება.
მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ პუტინის სატელევიზიო მიმართვის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა ფრანგ და გერმანელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა და მათთან რუსეთის საპასუხო ქმედებები შეათანხმა.
„რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევას დაუსჯელს არ დავტოვებთ“, - განაცხადეს ფორინ ოფისში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა სამშაბათს დილით მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელზეც „სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტის“ მიღება დააანონსა.
ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანული სანქციები რუსეთის მიერ დონბასში დამატებითი შეიარაღებული ძალების შეყვანას უკავშირდება, რისი ბრძანებაც პუტინმა დონეცკის და ლუჰანსკის „რესპუბლიკების“ აღიარების შემდეგ გასცა.
ბრიტანული ეკონომიკური სანქციები მოიცავს როგორც ოკუპირებულ ლუჰანსკს და დონეცკს, ასევე იმ აქტორებს, რომლებიც „რუსეთის ომის მანქანას“ უწყობენ ხელს, - აცხადებს ჯონსონი.
დონბასის დამოუკიდებლად ცნობა ერთხმად დაგმეს ურსულა ფონ დერ ლაიენმა და შარლ მიშელმა. ევროკავშირის ლიდერებმა ერთობლივ განცხადებაში უკრაინას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადეს.
„ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც ამ უკანონო ქმედებაში იყო ჩართული“, - ნათქვამია განცხადებაში.
ეკონომიკური შეზღუდვების კონკრეტული ხასიათი, რომელიც რუს მაღალჩინოსნებზე და სეპარატისტულ ძალებზე შეიძლება გავრცელდეს, ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
ჟოზეპ ბორელმა, რომელიც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას კურირებს, განაცხადა, რომ სანქციების საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები 22 თებერვლის საგანგებო სხდომაზე განიხილავენ.
რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ ხელყოფას შეშფოთებით შეხვდნენ საფრანგეთში.
ემანუელ მაკრონმა, რომელიც ბოლო დრომდე პუტინთან ორმხრივ მოლაპარაკებებს აწარმოებდა და უსაფრთხოების შესახებ გლობალური კონფერენციის ორგანიზებაც კი სცადა, პუტინის ქმედება დაგმო და რუსეთის წინააღმდეგ „გამიზნული“ ევროპული სანქციების ამოქმედება მოითხოვა.
ელისეს სასახლეში პუტინის ვრცელი სატელევიზიო სიტყვა, რომელიც დამოუკიდებლად ცნობის აქტების ხელმოწერას უძღოდა წინ, „პარანოიდულად“ შეაფასეს.
დონეცკის და ლუჰანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ აღიარებამ ხაზი გადაუსვა იმ ძალისხმევას, რომელსაც წლების განმავლობაში ეუთო და „ნორმანდიის ფორმატი“ ეწეოდა, - ასე შეაფასა პუტინის გადაწყვეტილება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.
ბერლინში მოსკოვს დამოუკიდებლად აღიარების აქტების „გაწვევა“ მოსთხოვეს და რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი „სამხედრო ესკალაციის“ გამო შეშფოთება გამოთქვეს.
გერმანულმა მხარემ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის გამო რეაგირების და პარტნიორებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა სანქციების შესახებ კონკრეტული განცხადება არ გაკეთებულა.
განახლება [16:10] გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთის უკანონო ქმედების საპასუხოდ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიკაციის პროცესს შეაჩერებენ. სადავო ენერგეტიკული პროექტი რუსეთს გერმანიისთვის და სხვა ევროპული ქვეყნებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საშუალებას მისცემდა - უკრაინის გვერდის ავლით.
პუტინის ქმედების გამო „ღრმა სინანული“ გამოთქვა ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმაც. „[უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების] გადაწყვეტილება მინსკის შეთანხმების წინააღმდეგ მიდის, რომელიც დონეცკის და ლუჰანსკის ზოგიერთ რაიონისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებდა - უკრაინის შემადგენლობაში“, - განაცხადა მიკო კინუნენმა.
აქამდე ეუთო რუსეთ-უკრაინას შორის მთავარ სამშვიდობო ფორუმს წარმოადგენდა და ე. წ. „სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის“ წევრი იყო.
ამ თემაზე: