უკრაინაში ომის დასრულების ტრამპის გეგმა პუტინისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს - Washington Post
ამერიკული გამოცემის The Washington Post-ის ცნობით, რუსეთი დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას უჭერს მხარს, მაგრამ უკრაინაში ომის დასრულების მისი გეგმა რუსეთის ფედერაციისთვის შესაძლოა მიუღებელი იყოს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი თითქოს გულგრილია აშშ-ის არჩევნების მიმართ, მაგრამ ფარულად ეხმარება ტრამპს. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის საერთაშორისო დღის წესრიგი უფრო მეტად შეესაბამება კრემლის გემოვნებას, უკრაინაში ომის დასრულების მისი გეგმა შესაძლოა მიუღებელი იყოს ვლადიმერ პუტინისთვის.
ამერიკელი მაღალჩინოსნებისა და The Washington Post-ის ცნობით, კრემლმა და რუსეთის სამხედრო დაზვერვამ მოაწყვეს მრავალი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც მიმართულია კამალა ჰარისისა და მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის, ტიმ უოლცის მიმართ და ეჭვქვეშ აყენებს ზოგადად არჩევნების სამართლიანობას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კრემლი ცდილობს ძირი გამოუთხაროს უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერას და ტრამპის კანდიდატურა მოსკოვის დღის წესრიგს ემთხვევა, რადგან მან არაერთხელ გააკრიტიკა ამერიკის ბიუჯეტიდან კიევის დახმარება.
თუმცა, მოსკოვში გარეგნული განწყობა ჯერჯერობით "ხაზგასმულად უდარდელია, ვიდრე წინა საარჩევნო წლებში."
გამოცემა იხსენებს, რომ 2016 წელს რუსეთის დუმა ტაშით შეხვდა ტრამპის გამარჯვებას, ხოლო რუსმა პროპაგანდისტებმა ტრამპის გამარჯვება ახალ ეპოქად გამოაცხადეს აშშ-რუსეთის ურთიერთობებისთვის, ამავდროულად, პუტინმა ტრამპს გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის ითანამშრომლებს მასთან, რათა დახმარებოდა მას "რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების არსებული კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანაში."
მაგრამ მას შემდეგ რვა წლის განმავლობაში ურთიერთობები მხოლოდ გაუარესდა, განსაკუთრებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსკოვში ცოტას სჯერა, რომ ტრამპს შეუძლია ურთიერთობების სრული შემობრუნება.
"რა თქმა უნდა, მათ სურთ ტრამპი, ეს გასაგებია. მაგრამ ამ არჩევნების შედეგი არ შეცვლის რუსეთის თამაშის წესებს. სიტუაცია მართლაც მძიმე გახდა. აშშ-რუსეთის ურთიერთობები ჩიხში შევიდა და ყველა ამის მძევალია - მათ შორის პუტინი," - განაცხადა კრემლის ყოფილმა წარმომადგენელმა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს სამთავრობო წრეებში და ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
თუმცა, რუსულ ელიტაში იზრდება მოლოდინი, რომ ტრამპი გაიმარჯვებს და თუ ის მოიგებს, იქნება შანსი, დაასრულოს უკრაინასთან ომი მოსკოვის პირობებით და პოტენციურად გადაიხედოს გლობალური უსაფრთხოების რუკა.
კრემლთან დაკავშირებულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა სერგეი მარკოვმა თქვა, რომ ის არამარტო ელის ტრამპის გამარჯვებას, არამედ "7 ნოემბერს ველოდები, რომ ტრამპი დაურეკავს პუტინს და ზელენსკის და შესთავაზებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას."
ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის გამარჯვება შეიძლება რუსეთისთვის რისკი იყოს, რადგან გაურკვეველია დათანხმდება თუ არა პუტინი ომის დასრულების შესახებ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ ნებისმიერ შეთანხმებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ურთიერთობის მკვეთრად გაუარესება.
მისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯ.დ. ვენსმა გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც რუსეთი შეინარჩუნებს ტერიტორიებს, რომელიც უკრაინას წაართვა და შექმნის დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონას ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ. მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს ნეიტრალიტეტის გამოცხადება.
ტრამპის ორმა ყოფილმა მრჩეველმა, ფრედ ფლეიცმა და გადამდგარმა გენერალმა კეიტ კელოგმა, ასევე წარადგინეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ხოლო უკრაინა დასავლურ იარაღს დამატებით მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებს.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივები მწვავედ გააკრიტიკეს უკრაინის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის გამო, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გაურკვეველია მიიღებს თუ არა რუსეთი ამ პირობებს.
"პუტინისთვის ეს ძალიან ცუდი სცენარია, მას ტერიტორია არ სჭირდება. მას უკრაინა სჭირდება," - თქვა ტატიანა სტანოვაიამ, "კარნეგი რუსეთის" ევრაზიის ცენტრის უფროსმა თანამშრომელმა.
ის პროგნოზირებს შეხვედრებისა და დისკუსიების სერიას რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის შესახებ, რომელიც საბოლოოდ ჩიხში მივა.
"ტრამპი არასოდეს შესთავაზებს პუტინს იმას, რაც მას სურს უკრაინაში," - თქვა მან.