უკრაინის დაზვერვამ ყირიმში საზღვაო დრონებით ორი რუსული კატარღა ჩაძირა
30 მაისს, ღამით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმმა ანექსირებულ ყირიმში ორი რუსული კატარღა ჩაძირა Magura V5-ის საზღვაო დრონებით.
თავდასხმის ამსახველი კადრები უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გამოაქვეყნა.
წინასწარი მონაცემებით, საუბარია მაღალსიჩქარიან სატრანსპორტო და სადესანტო კატარღებზე КС-701 Тунец.
უკრაინას თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოში Українська правда-ს წყაროს ცნობით, თავდასხმა მოხდა ევპატორიის რაიონის სოფელ ჩერნომორსკოეს მიდამოში.
"მტერმა ამის საპირისპიროდ აქტიურად გამოიყენა ავიაცია, მცირე იარაღი და არტილერია, მაგრამ უშედეგოდ," - ციტირებს გამოცემა წყაროს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ანექსირებულ ყირიმს ღამით თავს დაესხნენ რაკეტებით, დრონებით და უპილოტო კატარღებით. ოკუპანტების ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ATACMS-ის რვა რაკეტა აზოვის ზღვაზე და რვა დრონი შავი ზღვის თავზე ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროსთან.
ანექსირებული ყირიმის მთავრობის ცნობით, ქერჩში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის მოგერიებისას, ჩამოგდებული რაკეტების ნამსხვრევებიდან ორი ბორანი დაზიანდა, მაგრამ მსხვერპლი არ ყოფილა.
Telegram-ის არხი Astra წერს, რომ ქერჩის მაცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ღამით ქალაქში 20 აფეთქების ხმა გაიგეს. მედიის ცნობით, თავდასხმის დროს ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო შეწყვეტილი.