უკრაინის ზუსტი დარტყმა ყირიმზე განადგურებული სადესანტო გემი - რა ვიცით

26 დეკემბრის ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიიტანეს ოკუპირებულ ყირიმზე - სამიზნე ფეოდოსიის პორტი იყო. დარტყმის შედეგად მაღალი ალბათობით განადგურებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერკასკი. 

რას ამბობენ უკრაინაში 

ღამის საათებში ფეოდოსიის პორტის მიდამოებში აფეთქებების ხმა გაისმა, დაიწყო ხანძარი. თვითმხილველები ავრცელებდნენ სხვადასხვა რაკურსით გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. 

ადგილობრივი დროით 3 საათსა და 15 წუთზე ყირიმის ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერდა, რომ ადგილი ჰქონდა "მტრის შეტევას ფეოდოსიის რაიონში." სერგეი აქსიონოვმა დასძინა, რომ პორტის რაიონში შესაბამისი სამსახურები მოქმედებენ და რომ დეტონაციის სერია შეწყდა. აქსიონოვის პოსტში დაზიანებული სადესანტო გემის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი. 

დაახლოებით ღამის 4 საათზე უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურმა, მიკოლა ოლეშუკმა თავისი ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა განცხადება, რომლიდან გამომდინარეობდა, რომ ყირიმში განადგურებულია რუსეთის დიდი სადესანტო გემი.

"ფლოტი რუსეთში სულ უფრო მცირდება, ამჯერად კრეისერ მოსკვას გზას დიდი სადესანტო გემი ნოვოჩერსკასკი დაადგა. მადლობა საჰაერო ძალების პილოტებს და ყველა მონაწილეს ეფექტური მუშაობისთვის",- ნათქვამია ოლეშუკის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. 

დაახლოებით დილის 7 საათზე უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გამოქვეყნებულ კრებსში ნათქვამი იყო, რომ დარტყმა ტაქტიკური ავიაციის გამოყენებით განხორციელდა. ტექსტში პირდაპირ არ იყო ნათქვამი, რომ ნოვოჩერკასკი განადგურებულია, ამის მაგივრად ავტორებმა გამოიყენეს ფრაზა - "შედეგი სახეზეა."

ყირიმზე განხორციელებული დარტყმის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის, ანდრეი ერმაკის კომენტარში არ იყო ნახსენები ნოვოჩერკასკი. "რუსეთის შავი ზღვის ფლოტი ყირიმში არ იქნება, იმიტომ რომ ყირიმი უკრაინაა",- წერს ერმაკი. სამხედროებს მადლობა გადაუხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. 

რუსეთის ვერსია 

დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა სადესანტო გემზე მომხდარი დარტყმის ფაქტი და ისიც, რომ დარტყმა ავიაციის გამოყენებით განხორციელდა. 

შოიგუს უწყების ცნობით, ნოვოჩერსკასკმა დარტყმის შედეგად დაზიანებები მიიღო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული დაზიანებების ხარისხი. სამაგიეროდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შეტევაში მონაწილე 2 უკრაინული CУ-24-ის ჩამოგდების შესახებ იუწყება. 

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების სპიკერმა, იური იჰნატმა უარყო თვითმფრინავების ჩამოგდების შესახებ რუსეთის მიერ გავრცელებული ცნობები. 

არცერთი მხარე არ აკონკრეტებს თუ რა ტიპის რაკეტებით განხორციელდა შეტევა, მაგრამ მაღალი ალბათობით საუბარია Storm Shadow-ზე ან მის ფრანგულ ანალოგზე SCALP. 

"რა კონკრეტიკა შეიძლება არსებობდეს, ჩვენ პარტნიორებისგან მიღებული ფრთოსანი რაკეტების მხოლოდ 2 სახეობა გვაქვს",- განაცხადა იჰნატმა. 

ყირიმის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსის თქმით, შეტევის შედეგად დაღუპულია 1 და დაჭრილია 2 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მასშტაბური აფეთქების მიუხედავად მსხვერპლის შესახებ დასმულ კითხვები უპასუხოდ დატოვა. 

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გემზე მომხდარი თავდასხმის შესახებ სერგეი შოიგუმ ვლადიმირ პუტინს უკვე აცნობა. 

მეორე დარტყმა ნოვოჩერსკასკზე

საყურადღებოა, რომ ეს არ არის აღნიშნულ სადესანტო გემზე განხორციელებული პირველი დარტყმა - ნოვოჩერსკასკის განადგურების პირველი მცდელობა უკრაინელ მებრძოლებს სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში, 2022 წლის 24 მარტს ჰქონდათ, როდესაც გემი ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში იდგა. მაშინ უკრაინელთა დარტყმას 3 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, თუმცა გემი სერიოზულ დაზიანებებს გადარჩა. 

იმავე ოპერაციის ფარგლებში დაზიანდა რუსეთის კიდევ 2 დიდი სადესანტო გემი ცეზარ კუნიკოვი და სარატოვი - ეს უკანასკნელი ბერდიანსკის პორტის წყლებში ჩაიძირა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციას მაშინ 12 რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა, რომელთა მემორიალური დაფაც ყირიმში მიმდინარე წლის ზაფხულში აღმართეს. 

ღია წყაროების მიხედვით ნოვოჩერკასკი პროექტ 775-ის ფარგლებში გამოშვებული დიდი სადესანტო გემია, რომლის მთავარი დანიშნულებას დესანტის გადასხმა, შეიარაღებისა და სხვა ტვირთების ტრანსპორტირებაა. 

გემის მშენებლობა 1987 წელს პოლონურ გდანსკში დასრულდა, ამ წელსვე ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტს გადაეცა. 

ნატოს კლასიფიკაციით აღნიშნული გემები Ropucha-ს კლასს განეკუთვნება. ( Ropucha - გომბეშო პოლონურად)

შეტევები შავი ზღვის ფლოტზე 

რუსეთის შავი ზღვის ფლოტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული შეტევებიდან ყველაზე ცნობილი ეპიზოდი ოკუპანტთა ფლოტის ფლაგმანს მოსვკას უკავშირდება. გემი უკრაინის ზუსტი დარტყმის შედეგად 2022 წლის აპრილში ჩაიძირა. 

ამ დროიდან მოყოლებული შავი ზღვის ფლოტის გემებზე შეტევებმა სისტემატური ხასიათი მიიღო, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში. 

22 სექტემბერს უკრაინამ ზუსტი დარტყმა მიიტანა სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის ფლოტის შტაბის შენობაზე. ამას წინ უძღოდა ზუსტი დარტყმა სევასტოპოლის გემთსაშენ საწარმოზე. აღნიშნული შეტევის ფარგლებში უკრაინელებმა პირველად შეძლეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის დაზიანება. დაუდასტურებელი ცნობებით, ამავე შეტევის ფარგლებში გამოუსწორებელი დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა დიდმა სადესანტო გემმა, სახელწოდებით მინსკი

ნოემბრის დასაწყისში უკრაინელმა მებრძოლებმა დარტყმა მიიტანეს ქერჩში მდებარე გემთსაშენ საწარმოზეც, რის შედეგადაც დაზიანებები მიიღო ერთმა გემმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სხვა დეტალები დარტყმის შესახებ არ გაუვრცელებია. 

 

მსგავსი სიახლეები