ЗСУ-მ სარაკეტო დარტყმა მიიტანა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე - რა ვიცით
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ოკუპირებულ სევასტოპოლში მდებარე შავი ზღვის ფლოტის შტაბზე წარმატებული სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია ერთი სამხედრო. უკრაინის შეიარაღებული ძალებს შეტევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ.
ბოლო კვირებში სევასტოპოლზე სარაკეტო დარტყმებმა რეგულარული ხასიათი მიიღო - გასულ კვირას უკრაინის სევასტოპოლის გემთსაშენ ქარხანაზე განხორციელებული შეტევის შედეგად განადგურდა რუსეთის დიდი სადესანტო გემი Минск და მძიმე დაზიანება მიიღო წყალქვეშა ნავმა.
რა ვიცით
"სარაკეტო შეტევის მოგერიებისას საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდეს 5 ფრთოსანი რაკეტა. თავდასხმის შედეგად დაზიანებულია შავი ზღვის ფლოტის შტაბის ისტორიულმა შენობამ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოკლულია ერთი სამხედრო პირი",- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საყურადღებოა, რომ მალევე განცხადება ჩაასწორეს - ახალი ვერსიით სამხედრო არათუ დაღუპული, არამედ უგზო-უკვლოდ დაკარგულია.
სარაკეტო დარტყმის შესახებ პირველი ოფიციალური განცხადება სევასტოპოლის საოკუპაციო ადმინისტრაციის უფროსმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გაავრცელა - საკუთარ ტელეგრამ არხზე რაზვოჟაევი წერდა, რომ "შტაბის შენობაზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა, ხოლო ნამსხვრევები მიმობნეული იყო ქალაქის დრამატული თეატრის შენობის ირგვლივ."
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ის ცნობით, რაკეტის ნამსხვრევები ასობით მეტრზე იყო გაბნეული და ადგილზე დიდი რაოდენობით სასწრაფო და სამაშველო სამსახურის მანქანები გაემართა.
რაზვოჟაევი მომდევნო პოსტში წერდა, რომ ფლოტის შენობაში ხანძარი გაჩნდა და მოქალაქეებს მოუწოდებდა სახლში დარჩენილიყვნენ, რადგანაც განმეორებითი დარტყმის საშიშროება ნარჩუნდებოდა.
ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეობზე ჩანს, რომ შენობის სახურავი და ზედა სართული მძიმედ დაზიანებულია, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები ერთი სართულის ჩამოშლის შესახებაც.
ამასთანავე, გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დარტყმა ზუსტი იყო და ირგვლივ განთავსებული სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა.
მაღალი ალბათობით, შავი ზღვის ფლოტის შტაბზე დარტყმას წინ უძღოდა უკრაინელთა კიდევ ერთი მცდელობა - დილის საათებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ ყირიმის დასავლეთ სანაპიროზე სარაკეტო დარტყმის საშიშროება არსებობდა.
კიევს თავდასხმაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია - თავდასხმიდან ცოტა ხანში ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსმა, ანდრეი ერმაკმა საკუთარ ტელეგრამ არხზე გააზიარა ჯგუფ AC/DC-ის სიმღერა War Machine.
კონტექსტი
რომ ეს არ არის პირველი თავდასხმა შავი ზღვის შტაბის შენობაზე - გასული წლის 31 ივლისს დრონით თავდასხმის შედეგად რამდენიმე რუსი სამხედრო დაიჭრა.
ბოლო კვირებში ოკუპირებული ნახევარკუნძულის ჩინოსნები რეგულარულად იტყობიან სარაკეტო და დრონების თავდასხმის შესახებ, მათ შორის სევასტოპოლზეც, სადაც შავი ზღვის ფლოტის შტაბის გარდა არაერთი სამხედრო ობიექტია, მათ შორის აეროდრომები და სამეთაურო პუნქტები.
20 სექტემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი ალბათობით წარმატებული შეტევა განახორციელეს სევასტოპოლის მახლობლად მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საველე სამეთაურო პუნქტზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტევა წარმატებით მოიგერიეს, თუმცა ადგილის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის მიერ მოპოვებული სატელიტური ფოტოები საპირისპიროზე მეტყველებს.
13 სექტემბერს უკრაინის ზუსტი სარაკეტო დარტყმის შედეგად მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღო სერგო ორჯონიკიძის სახელობის გემთსაშენმა საწარმომ.
14 სექტემბერს უკრაინული წყაროების ცნობით, კოორდინირებული სარაკეტო და დრონების თავდასხმის დროს განადგურებულია რუსეთის არმიის მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემა C-400 "Триумф", რომლის ღირებულებაც 1.2 მილიარდ დოლარს აღემატება.