"უნდა გავაფუჭოთ საოცნებო განწყობა"- საოკუპაციო რეჟიმების პასუხი კობახიძეს

ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმები და რუსი თანამდებობის პირები საქართველოს პრემიერის ირაკლი კობახიძეს პასუხობენ და აცხადებენ, რომ საქართველოსთან დიალოგი მათ გეგმებში არ შედის. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ განაცხადა - "ჩვენი აღთქმული მიწა, ანუ ქართული ოცნებაა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე, 2030 წელს, ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად - ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი."

კობახიძის განცხადებას თავდაპირველად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ცხინვალი "უადგილოდ მიიჩნევს ნებისმიერ საუბრებს საქართველოს შემადგენლობაში შესვლის შესახებ და მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას."

ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობისა და რუსეთთან მეგობრული და ინტეგრაციული კავშირების განვითარების შესახებ გადახედვას არ ექვემდებარება. 

"კიდევ ერთხელ უნდა გავუფუჭოთ კობახიძეს საოცნებო განწყობა - რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი არის სახელმწიფო, რომელმაც დამოუკიდებლობა ქართულ ფაშიზმთან მრავალწლიანი და სისხლისმღვრელ ბრძოლებში მოიპოვა და ამაში უზარმაზარი ფასი გადაიხადა",- ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს პრემიერის განცხადებას სოხუმის საოკუპაციო ადმინისტრაციიდან ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა გამოეხმაურა. 

"საქართველოს სურვილი დაიბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არავის აკვირვებს, მაგრაც აფხაზეთის ამოცანა ჩვენი სახელმწიფოებრიობის განვითარება და გაძლიერებაა",- ამბობს შამბა ТACC-ისთვის გაკეთებულ კომენტარში

შამბა ამბობს, რომ ტერიტორიული გაერთიანება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ამოცანაა - "მათ უკვე 30 წელია უნდათ ჩვენი დაბრუნება, კიდევ 300 წელი ენდომებათ. ეს არავის აკვირვებს."

ამასთანავე, შამბას თქმით, საქართველოსა და სოხუმს შორის ბევრი გადაუჭრელი საკითხია - "მაშინ ვიმსჯელებთ, როდესაც ამის დრო მოვა, ჯერჯერობით ასეთ მზაობას ვერ ვხედავთ, მაგრამ კონფედერაციის ან რაიმე სხვა ფორმით თანამშრომლობის საკითხების განხილვას ამ სახელმწიფოსთან ჩვენ არ ვაპირებთ."

კობახიძის განცხადებას პოპულისტური უწოდეს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში და განაცხადეს, რომ განცხადება შიდა აუდიტორიისთვისაა გამიზნული. ამასთანავე, ხაზგასმულია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული არჩევანი საბოლოო და არ ექვემდებარება რევიზიას. 

"საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა აფხაზეთის დაბრუნებასთან დაკავშირებით აბსოლიტურად უპერსპექტივოა."

ასევე, ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 5-8 ივნისს გაიმართება. 

საქართველოს პრემიერის განცხადებას გამოეხმაურნენ საოკუპაციო რეჟიმის პატრონებიც. რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერისთვის მთავარი უნდა იყოს ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის ამოქმედება. 

"საქართველოს ვერავინ აუკრძალავს მსჯელობს თუ როგორ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება 2030 წელს, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ მსჯელობაა",- განაცხადა კარასინმა TACC-ისთვის მიცემულ კომენტარში

საქართველოს პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა დუმის დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინიც. რუსი დეპუტატისთვის გაუგებარია რით იყო შთაგონებული კობახიძის გამოსვლა პატრიოტიზმის დემონსტრირების გარდა. 

"გაუგებარია როგორ დაიბრუნებს საქართველო აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები და იმყოფებიან რუსეთის დაცვის ქვეშ" - ამბობს ზატულინი Газета.Ру-სთვის მიცემულ კომენტარში

 

მსგავსი სიახლეები