УП: ზალუჟნის გარდა შესაძლოა გენშტაბის უფროსი, სერჰი შაპტალაც გაათავისუფლონ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნის გარდა შესაძლოა ЗСУ-ს გენერალური შტაბის უფროსიც გადააყენოს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გაზეთის წყაროების ცნობით, უკრანის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში სხვა ცვლილებებიც განიხილება, ხოლო საკადრო გადაადგილებები შესაძლოა უკვე მიმდინარე კვირას გამოცხადდეს. 

სწორედ სერჰი შაპტალასთან გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა ვალერი ზალუჟნიმ ოფიციალურ ფეისბუკზე. "ჩვენთვის ნამდვილად ძალიან რთული იქნება, მაგრამ არასდროს შეგვრცხვება",- წერს ზალუჟნი შაპტალას დაბადების დღის მისალოც პოსტში. 

კონტექსტი 

იტალიურ Rai-სთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა პირველად დაადასტურა საჯაროდ, რომ ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე ფიქრობს. 

"ვფიქრობ არამხოლოდ ერთი ადამიანის გათავისუფლებაზე, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის შემადგენლობის გადახალისებაზე",- განაცხადა ზელენსკიმ. 

3 თებერვალს Washington Post საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ზელენსკის ოფისმა ზალუჟნის გადაყენების გადაწყვეტილების შესახებ უკვე აცნობა ბაიდენის ადმინისტრაციას. 

ვალერი ზალუჟნისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია წერენ როგორც უკრაინული, ასევე დასავლური წყაროებიც. 

ამ დაპირისპირებამ საჯარო სივრცეში ბოლო თვეებში გადმოინაცვლა და პოლემიკის სახეც მიიღო. დაპირისპირება განსაკუთრებით ხილვადი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის 5-თვიანი წარუმატებლობის ფონზე ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი ჩიხურ ეტაპზე გადავიდა. 

ზალუჟნის შეფასებას საჯაროდ არ დაეთანხმა ვოლოდიმირ ზელენსკი. მალევე კიევში მყოფ ტაბლოიდ The Sun-ის ჟურნალისტთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "სამხედრო ლიდერები პოლიტიკით დაკავებულები არ უნდა იყვნენ."

დეკემბრის დასაწყისში უკრაინსკა პრავდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არმიის ზოგ გენერლებთან ზალუჟნის გვერდის ავლით ურთიერთობს. 

გაზეთი წერდა, რომ ზელენსკი პირდაპირ ეკონტაქტება ЗСУ-ს აღმოსავლეთ ფრონტის სარდალს, ალექსანდრ სირსკის და საჰაერო ძალების მეთაურს, მიკოლა ოლეშუკს.

წყაროები ამბობდნენ, რომ ეს ზალუჟნის რთულ ვითარებაში აყენებდა და ძირს უთხრიდა არმიის ეფექტურ მართვას. ამავე ცნობების, მიხედვით ზალუჟნი ზელენსკის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ წინასწარ ინფორმირებული არ არის და მათ შესახებ მედიიდან იგებს. 

ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ მედიისგან გაიგო ზალუჟნიმ ყველა სამხედრო კომისარის თანამდებობიდან გადაყენების გადაწყვეტილებაზე, რომელიც ზელენსკიმ გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა. იმავე უკრაინული პრავდის ცნობით, პრეზიდენტის ოფისის მხრიდან მის კომპეტენციაში ჩარევაზე ზალუჟნი კიევში ვიზიტით მყოფ ლოიდ ოსტინსაც ესაუბრა, აშშ-ს თავდაცვის მდივანს. 

გასულ თვეებში არაერთი უკრაინელი მაღალჩინოსანი უარყოფდა ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობას, თუმცა იყო გამონაკლისებიც. პრეზიდენტის ფრაქციის ერთ-ერთი სპიკერი, მარიანა ბეზუჰლა დეკემბრიდან მოყოლებული პერიდულად ღიად ესხმოდა თავს ვალერი ზალუჟნის და მას გადადგომისკენ მოუწოდებდა. 

მსგავსი სიახლეები