უზბეკეთში საკონსტიტუციო ცვლილების გამო საპროტესტო გამოსვლებია

უზბეკეთში, კერძოდ ყარაყალპაყეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების გამო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებია. 

პირველ ივლისს რესპუბლიკის დედაქალაქში, ნუკუსში მრავალრიცხოვანი საპროტესტო გამოსვლები გაიამართა, რისი მიზეზიც საკონსტიტუციო ცვლილებებია.

ცვლილებებით რესპუბლიკას ერთმევა კონსტიტუციური უფლება საყოველთაო რეფერენდუმის შედაგად გამოვიდეს უზბეკეთის შემადგენლობიდან.

უზბეკეთის მთავრობის ცნობით, რესპუბლიკის სამართალდამცველმა უწყებებმა უკვე დააკავეს პროტესტის ორგანიზატორები, რომლებმაც "შეცდომაში შეიყვანეს დემონსტრანტები და მათ მანიპულირებას შეეცადნენ. უზბეკეთის მთავრობის თქმით, დემონსტრანტების ნაწილი სახელმწიფო უწყებების შენობების დაკავებას შეეცადა. 

უზბეკეთის შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ არ დაუშვას ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია". 

კონტექსტი

1930 წელს საბჭოთა ხელმძღვანელობამ ყარაყალპაყეთის ავტონომიური ოლქი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობიდან გამოიყვანა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ რესპუბლიკას [РСФСР] გადასცა. 

1936 წელს მიღებული "სტალინური" კონსტიტუციით ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკას დაუბრუნდა. 1936-1990 წლებში ყარაყალპაყეთი უზბეკეთის საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა. 

უკვე 1990 წელს ყარაყალპაყეთის რესპუბლიკამ სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი გამოაცხადა, თუმცა 1993 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას უზბეკეთთან, რომლის მიხედვითაც რესპუბლიკა უზბეკეთის შემადგენლობაში შედიოდა 20 წლით, თუმცა რეფერენდუმის მეშვეობით გამოსვლის უფლებას ინარჩუნებდა. 

უზბეკეთის ახალი კონსტიტუციის პროექტის საზოგადოებრივი განხილვები 26 ივნისს დაიწყო. საუბარია სულ 170 შესწორებაზე კონსტიტუციის 66 მუხლში. 

ახალი პროექტის მიხედვითაც 5-დან 7 წლამდე იზრდება საპრეზიდენტო ვადის ხანგრძლივობა, ასევე იცვლება სამართლებრივი პრინციპი, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უწყებებსა და მოქალაქეს შორის გადაუწყვეტელი წინააღმდეგობის მოგვარებისას კანონის ინტერპრეტირება მოქალაქის სასარგებლოდ მოხდება. 

უზბეკეთის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ასევე ემხრობა სიკვდილით დასჯის კონსტიტუციურ აკრძალვას, რომლის მოქმედებაც ქვეყანაში 2008 წლიდან არის შეჩერებული. 

მსგავსი სიახლეები