"ვაგნერელები მათთან შედარებით ბავშვები არიან"- უკრაინელები კორეელ ჯარისკაცებზე

უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილო კორეელი ჯარისკაცების საბრძოლო მახასიათებლებზე საუბრობენ და მიუთითებენ, რომ კორეელები კარგად გაწვრთნილები, ბრძოლისუნარიანები და ფსიქოლოგიურად მდგრადები არიან. 

"ვაგნერელები ჩრდილო კორეელ ჯარისკაცებთან შედარებით ბავშვები არიან. ისინი ძალიან კარგად ფლობენ მსუბუქ შეიარაღებას, 10-წლიანი წვრთა თავის შედეგს იძლევა. გაოცებას იწვევს კორელეების მიერ მსუბუქი შეიარაღებით ჩამოგდებული ჩვენი დრონების რაოდენობა"- წერს უკრაინის 80-ე სადესანტო ბრიგადის ოფიცერი იური ბონდარი. უკრაინის შეიარაღებული ძალების 80-ე ბრიგადა ერთ-ერთი პირველი დანაყოფი იყო, რომელიც ჩრდილო კორეელებთან ბრძოლაში ჩაება. 

ბონდარის თქმით, მოულოდნელი იყო ჩრდილო კორეელების ფსიქოლოგიური მდგრადობის მაღალი დონე, რის მაგალითადაც ის ჩრდილო კორეელების მიერ უკრაინულ დრონებთან დაპირისპირების ტაქტიკას ასახელებს. ბონდარის თქმით, ჩრდილო კორეელებს ჰყავთ დანაყოფები, რომლებიც დრონის ყურადღებას იქცევენ, რა დროსაც სხვა დანაყოფები უპილიტო საფრენ აპარატს უსაფრდებიან და მის ჩამოგდებას ცდილობენ. 

ჩრდილო-კორეელი ჯარისკაცებს მსგავსად ახასიათებს New York Times-სთან საუბარში კიდევ ერთი უკრაინელი ჯარისკაცი. მისი თქმით, ჩრდილო კორეელების გამოჩენის შემდეგ კურსკის ოლქში ბრძოლებმა უფრო სასტიკი ხასიათი მიიღო. 

"მათი გამოჩენის შემდეგ ვითარება გართულდა. კორეელები ფრონტის მასით აწვებიან და სუსტი წერტილის პოვნას ცდილობენ",- ამბობს უკრაინელი სამხედრო გაზეთთან საუბარში. 

იური ბონდარის თქმით, ჩრდილო კორეელები დინამიურ შეტევებს აწარმოებენ, რომლებიც ხშირად მოულოდნელი უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის. 

ამასთანავე, უკრაინელი მებრძოლები აღნიშნავენ, რომ კორეელები იშვიათად ბარდებიან ტყვედ - "ისინი უბრალოდ აბიჯებენ მათი თანამებრძოლების ცხედრებს და აგრძელებენ შეტევას. ჩვენი მიახლოებისას კი ისინი ყუმბარებით იფეთქებენ თავს." უკრაინული წყაროების ცნობით, კორეელების რეალური იდენტობის დასამალად მათ ცხედრებს ხშირად წვავენ. 

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ტყვედ არის აყვანილი მხოლოდ 3 ჩრდილო კორეელი ჯარისკაცი, ერთ-ერთი მათგანი მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა, ხოლო 2 მათგანი კიევში დაკითხვაზე გადაიყვანეს. 

 

მსგავსი სიახლეები