ვირჯინიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში რესპუბლიკელმა გაიმარჯვა

 

ვირჯინიის შტატის გუბერნატორის არჩევნებში რესპუბლიკელების კანდიდატმა გლენ იანგკინმა გაიმარჯვა, წერს სააგენტო Associated Press-ი.

დემოკრატმა ტერი მაკოლიფმა, რომელიც შტატს 2014-18 წლებში მართავდა, მოულოდნელი დამარცხება იწვნია.

არჩევნების შედეგები ბევრმა ჯო ბაიდენის მმართველობაზე რეფერენდუმად აღიქვა.

გასულ წელს საპრეზიდენტო ორთაბრძოლაში ბაიდენმა ვირჯინიის შტატი ტრამპს ათპროცენტიანი სხვაობით მოუგო.

დაძაბული საარჩევნო კამპანიის განმავლობაში გუბერნატორობის კანდიდატები ერთმანეთს პანდემიის მართვის, ეკონომიკის, განათლების, კრიმინალთან ბრძოლის და რასობრივი თანასწორობის თემების შესახებ დაუპირისპირდნენ.

გუბერნატორის კიდევ ერთ არჩევნებში, ნიუ ჯერსის შტატში, ასევე რესპუბლიკური პარტიის რჩეული ლიდერობს.

საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო კვლევით, ქვეყნის მასშტაბით დემოკრატი პრეზიდენტის რეიტინგი 43 %-მდე დაეცა.

ბაიდენის ადმინისტრაციას მნიშვნელოვანი გამოცდა ელის მომავალ წელს, კონგრესის შუალედურ არჩევნებზე.

 

 

მსგავსი სიახლეები