ყარაბაღი უკვე დატოვა სომხური მოსახლეობის მესამედმა
ბოლო დღეების განმავლობაში ყარაბაღი უკვე დატოვა 47 ათასმა ეთნიკურმა სომეხმა - ეს ბოლო წლებში რეგიონის სომხური მოსახლეობის მესამედია.
ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის, პრესსპიკერი, ნაზელი ბაგდასარიანი ავრცელებს.
სხვადასხვა მონაცემებით გასული 10 თვის განმავლობაში ყარაბაღის სომხური მოსახლეობის ჯამურად 120 ათასს შეადგენდა. 2015 წელს არაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, რეგიონის მოსახლეობა 150 ათასს უტოლდებოდა, საიდანაც 95% ეთნიკური სომხები იყვნენ.
ყარაბაღის მოსახლეობა 2020 წელს მეორე ომის შედეგად შემცირდა. ადგილობრივი ე.წ. სამთავრობო უწყებების ცნობით, რეგიონის დატოვება 120 ათასს ადამიანს სურს, რაც მათივე თქმით, მთელი მოსახლეობის 99.9%-ია.
კონტექსტი
19 სექტემბერს, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ტერიტორიაზე "ლოკალური ხასიათის ანტი-ტერორისტული ოპერაციის" დაწყების შესახებ გამოაცხადა. მთელი დღის განმავლობაში აზერბაიჯანი არაღიარებული მთავრობის სამხედრო ინფრასტრუქტურას საჰაერო დარტყმებით ანადგურებდა.
მალევე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად შეიარაღებული სომხური ფორმირებების განიარაღება და მთავრობის გაუქმება დაასახელა.
სამხედრო მოქმედებების დაწყების დღეს გამართულ ბრიფინგზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი არ ჩაერთვებოდა შეიარაღებულ კონფლიქტში.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეხების ხაზი გაარღვია და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძები დაიკავა.
უკვე 20 სექტემბერს ყარაბაღის არაღიარებულმა მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა. ვრცელდება ფოტოები სტეპანაკერტის აეროპორტიდან და სხვა ადგილებიდან - ქალაქის მოსახლეობა რეგიონს ტოვებს.