ყაზახეთის ექს-პრემიერს სახელმწიფოს ღალატისთვის 18 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ყაზახეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ კარიმ მასიმოვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სახელმწიფოს ღალატის, ძალაუფლების უზურპაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. ამის შესახებ 24 აპრილს, ასტანას სასამართლო აცხადებს.
"მასიმოვი დამნაშავედ ცნო [სასამართლომ]..., სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებითობით მას დაეკისრა - 18 წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების ჩამორთმევით, საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების სამუდამო აკრძალვა", - ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ ასევე პატიმრობა მიუსაჯა მასიმოვის სამ ყოფილ მოადგილეს უსაფრთხოების სამსახურში: ანუარ სადიკულოვს - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, დაულეტ იერგოჟინს - 15 წლით, მარატ ოსიპოვს (ბრალდებული იყო მხოლოდ უფლებამოსილების და უფლებამოსილების გადამეტებაში) - სამი წლით თავისუფლების აღკვეთა.
ოთხივეს ჩამოერთვა გენერლების წოდებები და სახელმწიფო ჯილდოები.
"Радио Азаттык" განმარტავს, რომ მასიმოვი, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2007-2012 და 2014-2016 წლებში იკავებდა, ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ნდობით აღჭურვილ პირად ითვლებოდა.
"2022 წლის იანვრის სისხლიანი მოვლენების დროს" მასიმოვი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს და დააკავეს. მას ბრალი ედებოდა სამშობლოს ღალატსა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.
მასიმოვის წარმომადგენლებმა და ახლობლებმა განაცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.