ყაზახეთის პარლამენტი ნურ-სულთანისთვის ძველი სახელწოდების დაბრუნებას გეგმავს

ყაზახეთში პარლამენტში დეპუტატთა ჯგუფმა დაარეგისტრირა ინიციატივა, რომელიც ქალაქ ნურ-სულთანისთვის ძველი სახელწოდების  (ასტანა) დაბრუნებას გეგმავს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო პორტალი Tengrinews ავრცელებს

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამგვარი ინიციატივით ყაზახეთის მეჯლისის (პარლამენტის ქვედა პალატის) დეპუტატთა ჯგუფი გამოვიდა, რომლებიც პარტია "ახალი ყაზახეთის" წევრები არიან. საუბარია 29 დეპუტატზე, სულ ქვედა პალატაში 107 დეპუტატია. 

"არასწორად მიგვაჩნია, როდესაც ადამიანის სიცოცხლეშივე მის სახელს ქალაქს არქმევენ, ამასთანავე ახალი სახელწოდება მოსახლეობამაც არ მიიღო. ამიტომ ისტორიულად სამართლიანი იქნება თუ ჩვენი ქვეყნის დედაქალაქს დაუბრუნდება ძველი სახელწოდება - ასტანა, რომელიც თავის დროზე ჩვენი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის მიერ მიწოდებული ვერსია იყო",- ნათქვამია დეპუტატთა ჯგუფის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ინიციატივის ავტორების თქმით, ამგვარად ხაზგასმული იქნება ნურსულთან ნაზარბაევის როლი ყაზახეთის განვითარებასა და გაძლიერებაში და იქნება ხალხის მოთხოვნების შესაბამისი. 

კონტექსტი

ყაზახეთის დედაქალაქს ნურსულთანი 2019 წლის მარტში, ნურსულთან ნაზარბაევის საპატივსაცემოდ დაერქვა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე ნაზარბაევის მიერ დატოვებულმა მემკვიდრემ და ახალმა პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოაწერა. 

ინიციატივას ყაზახეთის დედაქალაქში მალევე მოჰყვა არასანქცირებული საპროტესტო მიტინგები. ძველი სახელწოდების დაბრუნების შესახებ კამპანია არც მომდევნო პერიოდში შეწყდა - ერთ-ერთ საიტზე შესაბიმისი მოთხოვნით დარეგისტრირებულმა პეტიციამ 250 ათასზე მეტი ადამიანის ხელმოწერა შეაგროვა. 

ნაზარბაევით საზოგადოებრივი უკმაყოფილება განსაკუთრებით კარგად გამოიკვეთა 2022 წლის იანვარში მიმდინარე სამოქალაქო მღელვრების დროსაც. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისგან ნაზარბაევის ჩამოშორება იყო. 

პროტესტის მიმდინარეობისას ტოკაევმა ნაზარბაევი უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტიდან მოხსნა, ამ პოსტის დაკავება კანონის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის პირველ პრეზიდენტს შეეძლო. 

ვითარების სტაბილიზაციის შემდეგ, ყახაზეთის ხელისუფლებამ ნაზარბაევის ქუჩებისთვის სახელების გადარქმევა და მისი ძეგლების დემონტაჟი დაიწყო. 

სახელმწიფო თანამდებობებს ჩამოაშორეს ნაზარბაევის უახლოეს გარემოცვად მიჩნეული უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის ორგზის პრემიერი. კარიმ მასიმოვი. 

გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ ნაზარბაევის სამივე სიძე და ძმიშვილები, რომლებიც წლების განმავლობაში მთავრობის ძალოვან სტრუქტურებს აკონტროლებდნენ. 

ნაზარბაევმა დაკარგა მმართველი პარტიის "ნურ-ოტანის" თავმჯდომარის პოსტიც, მოგვიანებით შეიცვალა პარტიის სახელიც და მას "ამანათი" ეწოდა.

მსგავსი სიახლეები