ყაზახეთში დააკავეს პირი, რომელიც პრეზიდენტზე თავდასხმას გეგმავდა

ყაზახეთში დააკავეს "უცხოური დაზვერვის აგენტი", რომელიც პრეზიდენტ კასიმ ჟომარტ-ტოკაევზე თავდასხმას აპირებდა. 

ამის შესახებ განცხადება ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი. 

სახელმწიფო უწყების ცნობით, "აგენტი" 25 მარტს ქალაქ ნურ-სულთანში დააპატიმრეს. ყაზახური სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებული აპირებდა თავდასხმას არამხოლოდ პრეზიდენტზე, არამედ სხვა მაღალჩინოსნებზე და ასევე გეგმავდა ტერაქტებს. 

გარდა ამისა, ყაზახეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში ამბობენ, დაპატიმრებულს ჰქონდა დავალება - ყაზახურ საზოგადოებაში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და სხვა აქტივობების მეშვეობით გაევრცელებინა რუსოფობიური განწყობები. 

გასულ კვირას კასიმ ჟომარტ-ტოკაევმა ყოველწლიური სიტყვით პარლამენტს მიმართა, რომელშიც ქვეყანაში მასშტაბური რეფორმები დააანონსა. ტოკაევმა ბევრი ისაუბრა იანვარში განვითარებულ სამოქალაქო მღელვარებასა და სამოქალაქო არეულობაზე. 

ტოკაევის თქმით, სუპერ-საპრეზიდენტო მმართველობის ფორმიდან ყაზახეთი უნდა გადავიდეს საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე ძლიერი პარლამენტით. 

მარტშივე დააპატიმრეს ყაზახეთის სპეცსამსახურების ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი მმართველის, ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი სამატ აბიში. სწორედ მას მოიაზრებდნენ იანვარში ორგანიზებული სამოქალაქო მღელვარების ერთ-ერთ ორგანიზატორად, ე.წ. ნაზარბაევის კლანის სხვა წევრებთან ერთად. 

მსგავსი სიახლეები