ყაზახეთში ნაზარბაევის ძმისშვილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ყაზახეთის სახელმწიფო ანტიკორუფციულმა სააგენტომ ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევის ძმისშვილი „ძალაუფლების ბოროტად გამოყენების და დიდი რაოდენობით სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის“ ბრალდებით დააკავა.

52 წლის კაირატ სატიბალდის წინააღმდეგ გამოძიება „სხვა პოტენციური დანაშაულების“ შესახებაც დაიწყო, რომლებიც „ყაზახეთის ეროვნულ უსაფრთხოებას უთხრის ძირს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მილიარდერი სატიბალდი „ელბასის“ - ყაზახეთის პირველი პრეზიდენტის - უფროსი ძმის შვილია.

ის წლების განმავლობაში ყაზახეთის უშიშროების უწყებებში მუშაობდა, რის შემდეგაც ბიზნესში გადაინაცვლა და რამდენიმე მსხვილი კომპანიის მეწილე გახდა.

სატიბალდის უმცროსი ძმა, სამატ აბიში, იანვრამდე ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

მასობრივი დემონსტრაციების შემდეგ პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აბიში თანამდებობიდან გადააყენა.

იანვარში, საწვავის გაზრდილი ფასების გამო დაწყებულ სახალხო დემონსტრაციებს, ყაზახეთში ნაზარბაევის გავლენის მკვეთრი შეკვეცა მოჰყვა.

პროტესტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ნაზარბაევის ორი სიძე, კაირატ შარიპბაევი და დიმაშ დოსანოვი, სახელმწიფო კომპანიების - QazaqGaz-ი და KazTransOil-ის - თავმჯდომარეობიდან გადააყენეს.

25 თებერვალს „ელბასის“ ქალიშვილმა დარიგა ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის პარლამენტში დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს.

ყაზახეთის პრეზიდენტი ტოკაევი აცხადებს, რომ ნაზარბაევთან დაახლოებულმა პირებმა მოხვეჭილი სიმდიდრის ნაწილი „ხალხს“ უნდა გაუზიარონ და შემოსავლების ნაწილი სპეციალურად შექმნილ ფონდში უნდა გადარიცხონ. 

 

მსგავსი სიახლეები