ყაზახეთში პესკოვის მეუღლის საციგურაო შოუ გაუქმდა
ყაზახეთში, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის მეუღლის, მოციგურავე ტატიანა ნავკას შოუ გაუქმდა. ალმათის ხელისუფლებამ განმარტა, რომ გადაწყვეტილება თავად ორგანიზატორების თხოვნით მიიღეს და მუნიციპალიტეტი კონცერტების გამართვის საკითხში არ ერევა.
შოუ, სახელწოდებით "შეჰერეზადას სიყვარულის ისტორია," 23 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო ალმათის ყინულის სასახლეში. ბილეთების გაყიდვის შეწყვეტა ალმათის მერიამ დაადასტურა.
მანამდე ყაზახეთში რუსი მსახიობების სპექტაკლები გაუქმდა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერები იყვნენ.
14 სექტემბერს, ორგანიზატორებმა ასევე გააუქმეს КВН-ის გუნდის, Камызяки-ს კონცერტები ალმათისა და ასტანაში.
ამ კონცერტის გაუქმება აიხსნა "ჯგუფის არტისტების სენსაციური საჯარო ქმედებებით, რასაც საზოგადოების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა." ერთი კვირის წინ გუნდის ორმა კომიკოსებმა აზამატ მუსაგალიევმა და დენის დოროხოვმა კონცერტი გამართეს დონეცკის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში. ორი დღის შემდეგ ყაზახეთში შეიქმნა პეტიცია ქვეყანაში კამიზიაკოვის კონცერტების გაუქმების მოთხოვნით.
ამავდროულად, ყაზახეთში გამოსვლა აუკრძალეს კომიკოს მაქსიმ გალკინს, რომელმაც ომი დაგმო და რუსეთი დატოვა. მისი თქმით, ღონისძიებების გაუქმება "სახელმწიფო დონეზე" გადაწყდა.