"ყველაზე დაცული ობიექტი"- შეცვლის თუ არა ყირიმის ხიდის აფეთქება ომის მსველობას

17 ივლისს დილის საათებში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ოკუპირებული ნახევარკუნძულის და რუსეთის დამაკავშირებელი ხიდი მეორედ ააფეთქეს. 

ხიდი ერთდროულად წარმოადგენს: უმნიშვნელოვანეს ჯაჭვს უკრაინის სამხრეთში საოკუპაციო ჯარების მომარაგების ლოჯისტიკაში, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ ობიექტს და ნახევარკუნძულის ოკუპაციის სიმბოლოს. 

მომხდარი აფეთქების ერთი კონკრეტული მიზნის გამოყოფა რთულია. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სარკინიგზო ხიდი არ დაზიანებულა.

ყირიმის ხიდი სინამვდილეში 2 ხიდის გაერთიანებაა - ცალკეა საავტომობილო ხიდი და ცალკეა სარკინიგზო, მათ შორის რამდენიმე მეტრიანი დაშორებაა. სწორედ სარკინიგზო ხიდზე გადის სამხედრო ტვირთების უდიდესი ნაწილი.

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღევანდელი აფეთქების შედეგად საოკუპაციო ჯარების მომარაგება მნიშვნელოვნად არ გართულდება.

აფეთქების შედეგად დაზიანებული საავტომობილო ხიდს კი უფრო მეტად მორალურ-ფსიქოლოგიური ზიანი ექნება - ხიდი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ყველაზე ამბიციური და სიმბოლური პროექტია. 

გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ რუსეთის სპეცსამსახურები და არმია ყირიმის ხიდის დაცვისთვის მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ყირიმის ხიდი დაცული იყო როგორც საჰაერო, ასევე საზღვაო დარტყმებისგან. 

ჯერ კიდევ 24 მაისს რუსეთის სპეცსამსახურებმა ხიდის დაცვის მიზნით სპეციალური წვრთნები ჩაატარეს. კიდევ ერთი წვრთნები ხიდზე ივნისის დასაწყისში უკვე რუსეთის ანტი-ტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა. 

ხიდის დაცვისთვის მიმართულ ძალისხმევას მართლაც მოაქვს გარკვეული შედეგი, ბოლო თვეებში ხიდთან მიახლოება უკრაინის საჰაერო ძალებისთვის მნიშვნელოვნად გართულდა. მაგალითად 9 ივნისს რუსეთის ანტი-საჰაერო სისტემებმა ხიდის თავზე უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტა ჩამოაგდეს. 

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ეს ყირიმის ხიდზე მომხდარი მეორე აფეთქებაა - პირველად ხიდი გასული წლის ოქტომბერში დეტონატორით დატვირთული სატვირთო ავტომობილის მეშვეობით ააფეთქეს. 

ამ შემთხვევის შემდეგ ხიდის გამოყენება რუსეთისთვის მნიშვნელოვნად გართულდა. დაწესდა უსაფრთხოების ახალი ზომები, რამაც ხიდის ორივე მხარეს მრავალკილომეტრიანი საცობები შექმნა. პრობლემას გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინიც, რომელმაც ამ საკითხზე სპეციალური თათბირი მოიწვია და გასცა რეკომენდაცია ტურისტული ნაკადის ნაწილი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისკენ გადაემისამართებინათ. 

ამ დრომდე მიიჩნეოდა, რომ ზღვიდან ხიდისთვის საფრთხის შექმნა უფრო ჰიპოტეტურ ხასიათს ატარებდა. უკრაინა რამდენიმეჯერ ეცადა საზღვაო დრონების გამოყენებით შეტევას, მათ შორის სევასტოპოლის სამხედრო პორტშიც. 

მიმდინარე წლის აპრილში უკრაინულმა საზღვაო დრონებმა სევასტოპოლის პორტში შეღწევა გაძლიერებული დაცვის გამო ვერ მოახერხეს - აქ დამონტაჟებულია როგორც წყალქვეშა ფოლადის ბადეები, ასევე, ე.წ. ბონური კარიბჭეები, რაც ძალიან ართულებს უპილოტო აპარატების გამოყენებას. ვრცელდებოდა ცნობები რუსეთის საზღვაო ძალების მიერ საბრძოლო გაწვრთნილი დელფინების გამოყენების შესახებაც. 

სევასტოპოლის პორტისგან განსხვავებით ყირიმის ხიდი დაუცველი აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ ხიდის ირგვლივ უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება და რუსეთი შეეცდება უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს ზღვიდან მომავალ საფრთხეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში დღევანდელი დარტყმა დამატებითი ტვირთი იქნება ოკუპირებული ნახევარკუნძულის ისედაც საკმაოდ დატვირთულ უსაფრთხოების სისტემაზე. მით უფრო, რომ ყირიმის ხიდი არ არის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთავარი ობიექტი, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ცნობილია.

მსგავსი სიახლეები